სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს, საქართველო უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს, საქართველო უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფება, სადაც ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგიას დაესწრო.

პრეზიდენტმა საქართველოს ვლაქერნობა მიულოცა და რელიგიური ტურიზმის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, სრულიად საქართველოს მოვულოცო დღევანდელი დღესასწაული. ვლაქერნობა არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქერნობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღვთისმშობლის კვართი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან. ასევე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა მოვიდნენ, არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც და არა მხოლოდ ეს ადგილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი.

„ჩვენ გვაქვს არაერთი წმინდა ადგილი საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი. ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ, ჩემი ყველანაირი მხარდაჭერით, რაც საჭირო იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.