სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ უნდა გავაღრმაოთ რეფორმები ქვეყნის შიგნით, გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ უნდა გავაღრმაოთ რეფორმები ქვეყნის შიგნით, გავაძლიეროთ ეკონომიკა, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს

საქართველოს პირველი გამოწვევა რუსეთია, თუმცა ჩვენ გვაქვს ყველა სახის გამოწვევა, რაც შეიძლება, ქვეყანას ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ლატვიელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს გამოწვევებს ეხებოდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ძალიან კომპლექსურ გარემოში ცხოვრობს.

„ჩვენ ძალიან კომპლექსურ გარემოში ვცხოვრობთ. გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ უნდა გავაღრმაოთ რეფორმები ქვეყნის შიგნით, გავაძლიეროთ ეკონომიკა, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს. ჩვენ გვაქვს გამოწვევა უმუშევრობასთან, არალეგალურ მიგრაციასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით. ამჟამად, პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ცირკულარული მიგრაციის საკითხის გადაჭრას. ამ მხრივ მიღწეული შეთანხმებები იქნება პასუხი აღნიშნულ დიდ გამოწვევაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს აქვს გამოწვევა პროფესიული განათლების მიმართულებით და განათლება გახდა კიდეც მთავრობის პრიორიტეტი.

პრეზიდენტმა ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს ამ მისწრაფებას.

„ჩვენ გვჭირდება მაღალი დონე, რომ გავწევრიანდეთ ნატო-სა და ევროკავშირში. ვართ ოპტიმისტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ვართ რეალისტები. ჩვენ გვაქვს არაერთი გამოწვევა და ვიცით, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. რაც მთავარია, ვიცით, სად მივდივართ. ჩვენს მოსახლეობაში კი, ამ მხრივ არ არსებობს სკეპტიციზმი, მოსახლეობის 90-95 პროცენტი მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებას. ეს ასახულია კონსტიტუციაში და ამ გზიდან ვერაფერი გადაგვახვევინებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში დღეს ლატვიელ კოლეგას რაიმონდს ვეიონისს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

დატოვე კომენტარი