სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი, მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი, მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით

ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ყველა აღნიშნული მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაუხვევია კურსიდან.

„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაგვიხვევია კურსიდან, არასოდეს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და მუდამ ნათლად ვიცოდით, თუ რა მომავლისკენ, რა ბედისკენ მივილტვით.

გარკვეულწილად ეს ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვებაა ომსა და ოკუპაციაზე, ტრაგედიასა და ნგრევაზე, მაგრამ როდესაც მშვიდობის მიზანსა და კონფლიქტისა თუ ოკუპაციის დასრულებაზეა საუბარი, საჭიროა ვიმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება მოძრაობა და გვჭირდება დიპლომატია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე, მაგრამ არ უთქვამს უარი დიალოგზე.

„ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი. ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით. ცვლილებების განხორციელება არის საჭირო და ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას ჩართულობა გვჭირდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უპირველსად საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, ასევე ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა.

„პირველ რიგში, საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი და საგნობრივი დისკუსიების გამართვა. აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. ასევე აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ახალი ფორმატები შეიქმნას. ნებისმიერი ფორუმი და დიალოგი, ფორმალური თუ არაფორმალური უნდა იქნეს გამოყენებული, რათა რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულების შესახებ დისკუსიებში, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საშუალება მიეცეს, დაკვირვება განახორციელოს მთელ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე დეესკალაცია უმთავრესი პრიორიტეტია.

„დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რამაც კონფლიქტის ეფექტურ მოგვარებამდე უნდა მიგვიყვანოს. ასევე ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ახალმა კონფლიქტებმა ძველი არ უნდა დაგვავიწყოს, რადგან მშვიდობის დაყოფა და დანაწევრება არ შეიძლება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.