სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გვჭირდება ტოლერანტობის პოზიტიური მაგალითები მსოფლიოსთვის, ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრება კი ტოლერანტობაზე მეტია
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ გვჭირდება ტოლერანტობის პოზიტიური მაგალითები მსოფლიოსთვის, ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრება კი ტოლერანტობაზე მეტია

„თი ბი ენის“ იერუსალიმის ბიურომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

წამყვანთან საუბრის დროს საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ პოლიტიკურ წარსულზე, საქართველოში რელიგიის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოსა და ებრაელებს შორის მჭიდრო კავშირზე ისაუბრა.

სტუდიაში სტუმრობის დროს სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ცხოვრების წლებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის საფრანგეთში, ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა, რადგან საქართველოში კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ მისი ოჯახი იძულებული იყო, სამშობლო დაეტოვებინა. ინტერვიუს დროს სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც კი შეძლო, საქართველოს ესტუმრა. ეს 1986 წელს მოხდა.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და ებრაელებს შორის უძველეს კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე, ებრაელები საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც ისინი კეთილგანწყობით მიიღეს, შედეგად კი ებრაელებისთვის საქართველო მეორე სამშობლო გახდა.

„ჩვენ გვჭირდება ტოლერანტობის პოზიტიური მაგალითები მსოფლიოსთვის. ეს კი ტოლერანტობაზე მეტია. ეს სიტყვა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რაღაცის მიმართ ტოლერანტული ხარ. მივიჩნევ, რომ საქართველოში ებრაელები ბოლომდე იყვნენ მიღებულები. ისინი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდნენ. ისინი ფაქტობრივად სახლში იყვნენ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა წამყვანთან საუბრის დროს საქართველოში კომუნისტური წყობის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეპრესიებისა და მკაცრი კონტროლის მიუხედავად, საქართველო რჩებოდა ღრმად მორწმუნე ერად.

„რელიგია ღრმად არის გამჯდარი ქართველების სულსა და კულტურაში. საქართველოს კულტურა და რელიგია ერთმანეთთან არის შერწყმული“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს.

წამყვანთან საუბრის დროს სალომე ზურაბიშვილმა მის პოლიტიკურ წარსულსა და გზაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობამდე გაიარა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო ქართველი ხალხისა და საქართველოს მსახური.

„ჩემი ერთ-ერთ მიზანია, რომ შემიძლია, სასარგებლო ვიყო, რათა დავეხმარო ქვეყანას, დასრულდეს საბჭოთა მენტალიტეტის ნარჩენები. კომუნიზმი დასრულებულია, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან ის ყოველთვის მიუღებელი იყო ქართული მენტალიტეტისა და კულტურისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ჩვევები, რომლებიც ხალხი შესაძლოა, ვერ ამჩნევს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„თი ბი ენის“ იერუსალიმის ოფისმა საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილის ისრაელში ოფიციალური ვიზიტის დროს ჩაწერა, რომლის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების ცერემონიას დაესწრო.

„ეს გახსენების ცერემონია იყო, თუმცა, ამასთან ერთად, ეს იყო მომავლის ცერემონია, რათა მომავალში ასეთი ტრაგედიები აღარ ვიხილოთ. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი“, – აღნიშნა ინტერვიუს დროს სალომე ზურაბიშვილმა.

გადაცემაში სალომე ზურაბიშვილის სტუმრობის დროს წამყვანმა მაყურებელს ქალაქ მცხეთიდან რამდენიმე რეპორტაჟი შესთავაზა, რომლებშიც სვეტიცხოველზე, მისი აშენების ისტორიაზე, ასევე საქართველოს გაქრისტიანებაზე არის საუბარი.

დატოვე კომენტარი