სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველო-სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი დღეს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, პრემიერებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.