სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს
ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საზოგადოების გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა და პირველ რიგში თაობათა შორის სოლიდარობა.
„სოციალურ სოლიდარობაზე დგას ძლიერი სახელმწიფო. იქ, სადაც არის თანაგრძნობა, ერთმანეთის გატანა, მხარდაჭერა, არის სტაბილურობა და იხსნება ყველა გზა წინსვლისკენ. სოლიდარობა ნიშნავს იმას, რომ გვახსოვს და გვერდით ვუდგავართ ყველას, ვისაც თანადგომა სჭირდება: სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით. მე კარგად ვიცი, რაზე დგას მათი ოჯახები – ძალიან დიდ მოთმინებაზე, სიმტკიცეზე და იმედზე. ეს იმედი გვაერთიანებს. მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ისინი უნდა შემოვირიგოთ. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს. უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზები და მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.