სალომე ზურაბიშვილი - ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის პირველი დამფინანსებელი თავად ვარ 
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის პირველი დამფინანსებელი თავად ვარ 

ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის პირველი დამფინანსებელი თავად ვარ, ჩემი პირადი დანაზოგიდან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ხომ არ არიან მისი კამპანიის დამფინანსებლებს შორის გოგა ხაინდრავა და ლევან გაჩეჩილაძე.

„ძალიან მადლობელი ვიქნები გოგა ხაინდრავასა და გაჩეჩილაძის, თუ იქნებიან ჩემი დამფინანსებლები სხვებთან ერთად, რადგან ეს არ იქნება საკმარისი. ჩემი ფონდი გუშინ დაარსდა. მისი ანგარიშები „ფეისბუქზე“ დღესვე უნდა გამოვაქვეყნო. პირველი დამფინანსებელი მე ვარ ჩემი პირადი დანაზოგიდან.

მინდა, მივმართო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს ან მათ, ვინც არ მიცნობს ახლოდან, მინდა მივიღო მათგან მხარდაჭერა“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს, მათ შორი იქნება ბიზნესის დამცველი.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში დღეს დმანისსა და ბოლნისს სტუმრობდა.