სალომე ზურაბიშვილი - ჩემი მოლოდინი არის იგივე, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დამიჭერს
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი მოლოდინი არის იგივე, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დამიჭერს

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მოლოდინია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კითხვაზე განუცხადა.

„ჩემი მოლოდინები არ იცვლება ასე სწრაფად. მოლოდინი არის იგივე, რომ იქნება მხარდაჭერა. ჩემი კანდიდატურა დაყენებულია, ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელსაც ცესკო-ში 8 სექტემბრამდე შევიტან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მხარდაჭერის საკითხზე მმართველ პარტიაში დისკუსია დემოკრატიული მოვლენაა.

„რაც შეეხება დისკუსიებს „ქართულ ოცნებაში“, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატიულ პარტიაში უნდა არსებობდეს დისკუსიები. არანაირი პრობლემა არ მაქვს. არც მეჩქარება, დრო არის. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ. არაფერი შეცვლილა, სულ მუდამ იყო დისკუსია, იყვნენ უფრო მომხრე და ნაკლებად მომხრე ადამიანები, რომლებსაც პარტიის კანდიდატურა სურდათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ პარტიაში საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი სურდეთ, სხვა საკითხია, რა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული კომენტარი ბოლნისში გააკეთა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დღეს დმანისსა და ბოლნისს ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში ესტუმრა.