სალომე ზურაბიშვილი - ბრიუსელში ვიზიტი არის სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს საქართველოს ახალ კონსტიტუციაში აღნიშნულ პრიორიტეტს, ევროპასთან ინტეგრაციას
სალომე ზურაბიშვილი - ბრიუსელში ვიზიტი არის სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს საქართველოს ახალ კონსტიტუციაში აღნიშნულ პრიორიტეტს, ევროპასთან ინტეგრაციას

ბრიუსელში ვიზიტი არ არის უბრალოდ პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, ეს არის სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს საქართველოს ახალ კონსტიტუციაში აღნიშნულ პრიორიტეტს, ევროპასთან ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ბატონო თავმჯდომარევ, ძალიან დიდი მადლობა ვიზიტის ფარგლებში გაწეული უაღრესად თბილი მიღებისთვის, როგორც თქვენი, ასევე საბჭოსა და კომისიის მხრიდან. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც ახალ არჩეული პრეზიდენტისთვის. ვიზიტი, რომელიც დაიწყო ბრიუსელით, არ არის უბრალოდ პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, ეს არის მკაფიო და სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს იმ აშკარა პრიორიტეტს, რომელიც უკვე აისახა საქართველოს ახალ კონსტიტუციაში და კონსტიტუცია ძალაში შევიდა პრეზიდენტის არჩევისთანავე.

ამ პრიორიტეტში იგულისხმება ინტეგრაცია ევროპასთან, რომელსაც საქართველო ეკუთვნის თავისი კულტურით, თავისი სულითა და იდენტობით. საქართველო აქ თავს საკუთარ სახლში გრძნობს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რაც კომისიამ გააკეთა ბოლო თვეების განმავლობაში. კერძოდ, ნოემბრის თვეში აქ გამართული შეკრება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან მისცა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის თითქმის მთელ შემადგენლობას კომისიასთან ერთად განეხილა ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები, ასევე ის, თუ რა არის გასაკეთებელი და მოეხაზა მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.