სალომე ზურაბიშვილი ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„დღეს თავისუფლების დღეა. „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“, – ჩვენი ჰიმნის სიტყვები დღეს, როგორც არასდროს, გამართლებულია.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი დღეა, არა მხოლოდ გერმანიისა და არსებული ევროკავშირისათვის, არამედ ყოფილი აღმოსავლეთის ბანაკის ქვეყნებისა და საქართველოსათვის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლისა და თავისუფლებისკენ მისწრაფება ყოველთვის იმარჯვებს. რა დროც არ უნდა დასჭირდეს მას, ბოლოს სიცოცხლე და თავისუფლება მაინც გამარჯვებული იქნება.
მაგრამ დღეს გრძელდება ახალი კედლების აღმართვა, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს.
დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი კედლები მავთულხლართებია, კედლებია სიძულვილის ენა, გაუტანლობა და ვიდრე ამ კედლებს არ დავანგრევთ, ვერ ვიქნებით გაერთიანებული ქვეყანა და ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც მიაღწია გერმანიამ. ამ კედლების ნგრევა ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, გერმანია იმედის მაგალითია, რომ ოკუპირებული ქვეყნის გაერთიანება შეიძლება.
„შეიძლება, იყოს სირთულეები, მაგრამ ბოლოს მაინც ერთი ერი და ერთიანი სახელმწიფო შენდება და ეს დრო როცა მოვა, ჩვენ კიდევუფრო მხიარულნი ვიქნებით, ვიდრე ეს ახალგაზრდები არიან ამ ფოტოებზე“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტს მიღებაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა უმასპინძლა.
მიღებაზე ბერლინის კედლის აღების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა.