სალომე ზურაბიშვილი - ბატონ ლავროვთან როცა გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს მოკავშირეების არჩევის თავისუფლება, მსურს, ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო
სალომე ზურაბიშვილი - ბატონ ლავროვთან როცა გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს მოკავშირეების არჩევის თავისუფლება, მსურს, ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო

მინდა, ბატონ ლავროვს გავახსენო, თავის დროზე როცა გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება, სუვერენობიდან გამომდინარე აირჩიოს მოკავშირეები და თავისი ალიანსები, მსურს, რომ ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ჩემი პოზიცია არის ცნობილი. მინდა, აქ გავახსენო ბატონ ლავროვს, როცა ჩვენ თავის დროზე გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება, რომ თავისი სუვერენობიდან გამომდინარე აირჩიოს თავისი მოკავშირეები და თავისი ალიანსები. ეს მე მგონი, ძალიან კარგი საწყისი არის და მე მსურს, რომ ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, შეხვედრის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

„მინდა, გამოვაცხადო სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმედი მაქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა. ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, ამას შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, მე-20 საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონულია. ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ, მთლიანად დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ, იმედი მაქვს, ყველაფერი გადავა დიალოგის ფორმატში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი