სალომე ზურაბიშვილი - აშშ-ის იმედი გვაქვს ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში, გვჭირდებით ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რომ წინ წაგვიყვანთ ნატო-ში ინტეგრაციისკენ
სალომე ზურაბიშვილი - აშშ-ის იმედი გვაქვს ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში, გვჭირდებით ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რომ წინ წაგვიყვანთ ნატო-ში ინტეგრაციისკენ

მეტად ერთიანები უნდა ვიყოთ იმის სურვილში, თუ რა გვინდა ხვალ: მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე, მეზობლების პატივისცემაზე, ერთად ცხოვრებაზე. ეს მსოფლიო ერთად უნდა შევქმნათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

„სიტყვა არ დამიწერია, ეს არის სიტყვები, რომლებიც მინდა, მთელი გულით გითხრათ დღეს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ იმას, რაც ყველა ქვეყნისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღე, როდესაც თქვენ და ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, არის დღე, როდესაც ქვეყანა იწყებს არსებობას, საკუთარ ისტორიასთან შეხვედრას. მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვისაც, რადგან ჩვენ ვიცით, ზოგჯერ შეიძლება, ასე არ ჩანდეს, თუმცა ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ ამერიკა ჩვენ გვერდით დგას, როგორც მეგობარი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობიდან, იმ პერიოდში, რომელიც იყო კომპლექსური, ზოგჯერ რთული, თუმცა ამერიკა ყოველთვის იყო ჩვენ მხარეს. ის იდგა ჩვენ მხარეს სახელმწიფოს შენების ამ ძალიან გრძელ გზაზე, რომელიც არავინ იცის, როდის მთავრდება ნამდვილად. ეს არის პროცესი, თუმცა ჩვენ მივიღეთ ძლიერი მხარდაჭერა სახელმწიფოს შენების პროცესში, რაც არის ასე მნიშვნელოვანი, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ. ეკონომიკური დამოუკიდებლობა, სოციალისტური ეკონომიკიდან რეალურ ეკონომიკაზე გადასვლა არის ის, სადაც ჩვენ მივიღეთ ამერიკის წარმოუდგენელი მხარდაჭერა და ეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით და რასაც არ ვივიწყებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, აშშ საქართველოს მხარს უჭერდა ადამიანის უფლებების, ტერიტორიული მთლიანობისა და არმიის მოდერნიზების მიმართულებით.

„ადამიანის უფლებების ხელახლა აღმოჩენაში მხარდაჭერა არის ის ღირებულება, რასაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იზიარებდა მთელი თავისი ისტორიიის განმავლობაში, თუმცა ჩვენ გვქონდა 70 წელი, რომელმაც დაგვავიწყა ეს და იყო აუცილებელი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩვენი ნდობის აღდგენა. თქვენ ჩვენ გვერდით იდექით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭრად და არასდროს გითქვამთ ამაზე უარი, ისევე, როგორც ჩვენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თქვენ მხარს უჭერდით ქართული არმიის ჩამოყალიბებას, ქართული არმიის მოდერნიზებას და მე, როგორც უმღლესმა მთავარსარდალმა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. ქართულ არმიას დღეს შეუძლია, იამაყოს, რომ აქვს ნატო-ს სტანდარტები. ამან მოგვცა შესაძლებლობა, ერთობლივი მონაწილეობა მიგვეღო მნიშვნელოვან მისიებში, იქნებოდა ეს ერაყში თუ ავღანეთში და ამით ჩვენი არმია უფრო ძლიერი და მედეგი გამხდარიყო. ჩვენ ვიზიარებთ ამ ყველაფერს და ვიზიარებთ ყველა ღირებულებას, რომელსაც ემყარება ნებისმიერი დემოკრატია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობა გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. ჩვენ გვჭირდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება თქვენი მხარადჭერა ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. ჩვენ გვჭირდებით ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის, რომელიც არ არის წევრობა, თუმცა არის ამისკენ ძალიან არსებითი ნაბიჯი, რომლის გადადგმის შესაძლებლობაც ჩვენ წინასწარ მოგვეცა უკრაინისა და მისი წარმოუდენელი ბრძოლის წყალობით. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა შევასრულოთ ჩვენი სამუშაო და უნდა მივიღოთ თქვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. თქვენი და ევროპელი პარტნიორების სიტყვა ამ გადამწყვეტ მომენტში, რომელიც იქნება პოლიტიკური მომენტი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. და თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს ვიცით. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რომ წინ წაგვიყვანთ ნატო-ში ინტეგრაციისკენ, რომ მივიღოთ უსაფრთხოების მეტი გარანტიები, რომ დაგვაყენოთ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს იქ, სადაც უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა გაზიარებულია. როდესაც აღარ არის მუდმივი გამოწვევა, რამდენადაც ჯერ კიდევ არის, როდესაც ქვეყანას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, როდესაც არის საოკუპაციო ხაზი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის იმედი უნდა ჰქონდეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზეც.

„თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, როგორც არასდროს, როდესაც მსოფლიო უპირისპირდება უზარმაზარ გამოწვევას, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ეს ახალი მანიფესტაცია იმპერიალიზმზე ჯერ კიდევ აქტიურია და თქვენი იმედი უნდა გვქონდეს რუსული პროპაგანდის პირისპირ, როდესაც რუსეთი ცდილობს რბილი პოლიტიკის განვითარებას, როდესაც ხდება დასავლურ ღირებულებებზე თავდასხმა, რომელსაც ვხედავთ აქ, ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენ გვერდით იყვნენ კიბერთავდასხმების პირისპირ, რომელიც ხშირად შედეგიანია. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს, უკრიანის სუვერენიტეტი აღდგება და იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები და ახალი მსოფლიო წესრიგი შეიძლება, გაჩნდეს. ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც აღადგენს იმას, რაც გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა – საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, ქვეყნების თანაარსებობას. როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რადგან არ უნდა დაუშავთ, რომ ამ დროის შემდეგ ტერიტორიების ოკუპაცია გაგრძელდეს. თუ ამას დაუშვებენ, რამდენიმე წელში ვნახავთ, რომ რუსეთი იმავეს გააკეთებს, რასაც ის ახლა აკეთებს უკრაინაში. არჩევანი ყველა ჩვენგანზეა. უნდა ვიყოთ უფრო მეტად ერთიანები იმის სურვილში, თუ რა გვინდა ხვალ: მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე, მეზობლების პატივისცემაზე, ერთად ცხოვრებაზე. ეს მსოფლიო ერთად უნდა შევქმნათ. ამიტომ უნდა გვქონდეს თქვენი იმედი, რადგან ამერიკა არის თავისუფლების მიწა და სიმამაცის სამშობლო, საქართველოც ასე განიხილავს თავს“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.