სალომე ზურაბიშვილი - ასე მოხდა, თუ ასე არის, მე ვარ ყველაზე ევროპელი პრეზიდენტი, რაც საქართველოს ჰყოლია
სალომე ზურაბიშვილი - ასე მოხდა, თუ ასე არის, მე ვარ ყველაზე ევროპელი პრეზიდენტი, რაც საქართველოს ჰყოლია

ძალიან ბედნიერი ვარ, დღეს რომ ამ სახალხო ზეიმს ვესწრები, რადგან ასე მოხდა, თუ ასე არის, რომ მე ვარ ყველაზე ევროპელი პრეზიდენტი, რაც საქართველოს ჰყოლია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღეების გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ევროპის გზები ასე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს.

„ეს გზები დაწყებულია ძალიან დიდი ხნის წინ. დაიწყო მითოლოგიით და დაიწყო მოტაცებებით, ევროპა მოტაცებული ხარია, ჩვენგან კი ევროპელებმა მედეა მოიტაცეს. ასე რომ, რაღაც მითოლოგიური ნიშნები არსებობს, რაც ოდითგან გვაკავშირებს ერთმანეთთან. ამის მიუხედავად, ეს გზები იყო ძალიან გრძელი და მოხვეულ-მიხვეული. დიდი ხნის წინ ჩვენმა მეფეებმა, ელჩებმა დაიწყეს სიარული ევროპისკენ მიმავალ გზაზე და იქ ცდილობდნენ, მიეღოთ დახმარება, რაც იმდროინდელ საქართველოს იყვნენ დაინტერესებულები, თუ რა იყო ეს ქვეყანა. მათთვის საქართველო იყო ის გზა და ქვეყანა, რომელიც უხსნიდა უფრო შორეულ აღმოსავლეთის გზებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გამოვცემთ სრულ ანთოლოგიას იმ ევროპელი მოგზაურების, რომლებმაც ძალიან საინტერესოდ ასახეს ჩვენი ქვეყანა გასულ საუკუნეებში. მერე მოვიდა სხვა ჟამი, როცა ჩაგვიკეტეს ევროპის გზა, როცა საქართველო იყო იზოლაციაში და კედელი იყო აშენებული. ჩვენთვის ევროპის გზა აღარ არსებობდა, თუ არა დამპყრობლის, მოსკოვის მეშვეობით. ყველაფრის მიუხედავად საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა ევროპული კულტურა და კავშირები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.