სალომე ზურაბიშვილი - ყველაზე დიდი გამარჯვება ალბათ ის არის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, შევძელით, არ შეგვეცვალა გეზი ევროპისკენ
სალომე ზურაბიშვილი - ყველაზე დიდი გამარჯვება ალბათ ის არის, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, შევძელით, არ შეგვეცვალა გეზი ევროპისკენ

საქართველოსა და ევროპის გზები ასე ახლოს არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროპის დღეების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს გზები დაწყებულია ძალიან დიდი ხნის წინ. დაიწყო მითოლოგიით და დაიწყო მოტაცებებით, ევროპა მოტაცებული ხარია, ჩვენგან კი ევროპელებმა მედეა მოიტაცეს. ასე რომ, რაღაც მითოლოგიური ნიშნები არსებობს, რაც ოდითგან გვაკავშირებს ერთმანეთთან. ამის მიუხედავად, ეს გზები იყო ძალიან გრძელი და მოხვეულ-მიხვეული. დიდი ხნის წინ ჩვენმა მეფეებმა, ელჩებმა დაიწყეს სიარული ევროპისკენ მიმავალ გზაზე და იქ ცდილობდნენ, მიეღოთ დახმარება, რაც იმდროინდელ საქართველოს იყვნენ დაინტერესებულები, თუ რა იყო ეს ქვეყანა. მათთვის საქართველო იყო ის გზა და ქვეყანა, რომელიც უხსნიდა უფრო შორეულ აღმოსავლეთის გზებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გამოვცემთ სრულ ანთოლოგიას იმ ევროპელი მოგზაურების, რომლებმაც ძალიან საინტერესოდ ასახეს ჩვენი ქვეყანა გასულ საუკუნეებში. მერე მოვიდა სხვა ჟამი, როცა ჩაგვიკეტეს ევროპის გზა, როცა საქართველო იყო იზოლაციაში და კედელი იყო აშენებული. ჩვენთვის ევროპის გზა აღარ არსებობდა, თუ არა დამპყრობლის, მოსკოვის მეშვეობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა ევროპული კულტურა და კავშირები.

„ისინი, ვინც ამ ქვეყანაში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ყველა იყო ევროპელი, იცოდნენ, რომ საქართველოს გზა იყო ევროპის გზა და ამიტომ, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, როცა აღვადგინეთ მეორედ დამოუკიდებლობა, დაგვიბრუნდა ბუნებრივი გზა და ჩვენც დავუბრუნდით გზას ევროპისკენ. ეს გზაც რთული აღმოჩნდა, მაგრამ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ. 15 წლის წინ, როცა ჩამოვედი ქვეყანაში, როგორც საფრანგეთის ელჩი, არ მეგონა, რომ ამ გზას ასე სწრაფად გავივლიდით. ეს არ არის მარტივი, მაგრამ 15 წლის განმავლობაში მეზობლობის პროგრამიდან გადავედით პარტნიორობაზე, პარტნიორობიდან ასოცირებაზე, რამაც მოგვიტანა უვიზო მიმოსვლა, ღია და თავისუფალი ვაჭრობა. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ჩვენი მიღწევები, არავის სხვისი. ჩვენ ეს შევძელით, რადგან ყველამ იცის, რომ სხვა ალტერნატივა, სხვა პერსპექტივა საქართველოს არ გააჩნია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80 % მიიჩნევს და ადასტურებს, რომ მისი გზა არის ევროპული გზა.

„ამ გზის ნაწილი ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს, მაგრამ ყველაზე დიდი ჩვენი გამარჯვება ალბათ ის არის, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ დაწყებული ომის მიუხედავად, შევძელით, არ შეგვეცვალა ეს გეზი. ალბათ ამ მეზობლისთვის მოტივაცია იყო სწორედ ეს, რომ რამენაირად საქართველოსთვის შეეცვალა მის მიერ არჩეული გზა. მან ეს ვერ შეძლო და ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით. ეს არის ჩვენი გამარჯვება და მისი დამარცხება. ამ გზაზე მივდივართ წინ, არის კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადასადგმელი, ევროპას აქვს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადასადგმელი, რომ გამოვიდეს დღევანდელი კრიზისგან და სწორედ ამით არის ევროპა ძლიერი, რომ ევროპა წინ მიიწევს, როცა კრიზისები უნდა გადალახოს. როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, მთავარი მონაპოვარი ევროპის ის არის, რომ ევროკავშირის შექმნის შემდეგ არ ყოფილა ომი ევროკავშირის ტერიტორიაზე. სწორედ ეს არის ჩვენი მისწრაფება – მეტი უსაფრთხოება, მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკური წინსვლა და ამაში ძალინ გვეხმარებიან. მოკლედ, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ბედნიერია, რომ ევროპის დღეების სახალხო ზეიმს ესწრება.

„ასე მოხდა, თუ ასე არის, მე ვარ ყველაზე ევროპელი პრეზიდენტი, რაც საქართველოს ჰყოლია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღეების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.