სალომე ზურაბიშვილი - არჩევნებით მანიპულაცია რუსეთის ახალი ხედვაა, ეს ეხება საქართველოს, რუმინეთს, მოლდოვას და უკვე ჩანს, რომ უკრაინაში არჩევნების თემა იქნება მანიპულაციის თემა
არჩევნებით მანიპულაცია რუსეთის ახალი ხედვაა, ეს ეხება საქართველოს, რუმინეთს, მოლდოვას და უკვე ჩანს, რომ უკრაინაში არჩევნების თემა იქნება მანიპულაციის თემა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ვერ მიაღწია შედეგს და აღნიშნა, რომ „რუსეთი არ არის ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ მოიგებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“.
„ძალიან საინტერესო იყო ზელენსკის ერდოღანთან შეხვედრა. აქ არის მთელი შავი ზღვის მომავალი, რომელიც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ჩვენთვის. ვიცით, ევროკავშირისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, აშშ-სთვის, ნატო-სთვის, მათაც აქვთ სტრატეგიული ხედვა შავი ზღვის. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი თემა მიუნხენში იყო ის, რომ რუსეთს დაწყებული აქვს ჰიბრიდული ომი, სადაც არ გამოსდის სამხედრო ომები. ჰიბრიდული ომი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენთან როგორც სცადა და ჯერ ამ მცდელობის ცენტრში ვართ, მანიპულაცია არჩევნების, ანუ ჰიბრიდული პროპაგანდა და არჩევნებით მანიპულაცია ერთად არის რუსეთის ალბათ ერთ-ერთი ახალი ხედვა და ახალი მცდელობა. არ არის ეს შემთხვევითი, რომ ეხება შავი ზღვის ირგვლივ ქვეყნებს. ანუ საქართველოს, რუმინეთს, მოლდოვას და უკვე ჩანს, რომ არჩევნების თემა უკრაინაში იქნება მანიპულაციის თემა. ეს იმასაც აჩვენებს, რომ რუსეთმა იცის, რომ არ მოიგო სამხედრო ომი უკრაინაში, ვერ მიაღწია შედეგს. იმასაც აჩვენებს, რომ არ არის ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ მოიგებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ანუ არ მოიგებს ისე, როგორც თვითონ აპირებს და უნდოდა, რომ მთლიანად უკრაინა დაიბრუნოს იმ თავის ზეგავლენის ქვეშ, როგორც არსებობდა ადრე. არჩევნები, მანიპულაცია, პროპაგანდა, ეს ნამდვილად ნაცრისფერი ჰიბრიდული ზომები არის მისი ახალი იარაღი, რომელსაც უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება.
ჩემი ერთი თემა მიუნხენში იყო ის, რომ არ მოგვაქციეთ ყურადღება 2008 წელს, ახლაც იგივე ხდება, ჩვენც ვართ საცდელი ქვა ახალი სტრატეგიის და ახლა მაინც მოგვაქციეთ ყურადღება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.