სალომე ზურაბიშვილი - არც ერთ რუს ტურისტს საქართველოში არაფერი მოსვლია
სალომე ზურაბიშვილი - არც ერთ რუს ტურისტს საქართველოში არაფერი მოსვლია

რუსეთის მოსახლეობის რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ ახლაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა და დარწმუნებული ვარ, რუსი ტურისტების ნაკადი განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც საქართველოში რუსი ტურისტების უსაფრთხოებასა და რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კარი ღიაა ყველასთვის, „ვინც აქ კეთილი განზრახვით ჩამოდის“.

„არ ღირს ყველაფრის სერიოზულად მიღება. არსებობს ძალიან საინტერესო ფაქტი, რომელზეც შესაძლოა, ჩვენ არ ვაკეთებთ მნიშვნელოვან აქცენტს: გასულ წელს საქართველოში ჩამოვიდა მილიონ 700 ათასი ტურისტი. ომი ხომ სულ ცოტა ხნის წინ იყო, 2008 წელს, თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში კი, გამყოფი ხაზია. ამის მიუხედავად, საქართველოში არც ერთ რუს ტურისტს არაფერი მოსვლია. პირიქით, რუსეთის მოსახლეობის რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსებს, როგორც ადრე, ახლაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა და დარწმუნებული ვარ, რუსი ტურისტების ნაკადი განახლდება. ქართული სტუმართმოყვარეობა ყველასკენაა მიმართული, ის არ არის შერჩევითი. ჩვენი ქვეყანა კვლავ ღიაა ნებისმიერისთვის, ვინც აქ კეთილი განზრახვით ჩამოდის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.