სალომე ზურაბიშვილი - არ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება, მათი დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვერ მონახეს სხვა პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს
სალომე ზურაბიშვილი - არ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება, მათი დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვერ მონახეს სხვა პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს

უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, დემოკრატია, ეკონომიკის განვითარება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ყველა ის მთავარი პრინციპები, რაც დღევანდელ თანამედროვე სახელმწიფოს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის დრამატულ თეატრში, სტუდენტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„აუცილებელია, რომ ჩვენ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ, რადგან ზემოდან სამოქალაქო საზოგადოება არ იქმნება. თქვენგან უნდა წამოვიდეს ეს და მე ვხედავ აქ ბევრ ახალგაზრდას და ეს თქვენი მოვალეობაა თქვენივე მომავლისთვის, რომ შექმნათ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც შემდგომში ყველაფრისგან დამცველია. უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, დემოკრატია, ეკონომიკის განვითარება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რამდენად იარსებებს ყველა ეს მთავარი პრინციპები, რაც დღევანდელ თანამედროვე სახელმწიფოს ქმნის. თუ არ იარსებებს, მაშინ ყოველთვის იქნება რაღაც ჭიდილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, პოლარიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ, მისივე თქმით, საქართველოში ამან „ძალიან მახინჯი ფორმა და პრაქტიკა მიიღო“.

„ეს არ არის დისკუსია და სხვადასხვა მოსაზრების ერთმანეთთან შეჯერება, ეს პირდაპირ პერსონალური ლანძღვა და მეორის დისკრედიტაციაა და ეს არის სწორედ ის, რაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ, საზოგადოება, შეთანხმებულნი არ ვართ არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე. პოლიტიკურ ელიტაში მომხდარი პროცესები გადმოდის საზოგადოებაზე და ძალიან გვამძიმებს ეს მდგომარეობა. ჩვენ თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ აუცილებელია, წარსულის რაღაც ნაწილზე ერთნაირი შეხედულების ჩამოყალიბება რადგან ერი არის ის, რომელსაც საერთო წარსული აქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო საზოგადოების როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ „არ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება“.

„არ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება, რადგან მართალია, ეს მათი დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვერ მონახეს სხვა პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, რათა ეს არ დაუშვას ამ საზოგადოებაში. ასევე, ამ დაპირისპირებაში და მისი ტონალობის აწევაში მედიის დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ აქაც, საზოგადოება იმიტომაა, რომ ეს უნდა გამოასწოროს, სხვა მოთხოვნა დააყენოს, მიჰყვეს თავის მოთხოვნებს და არა იმას, რაც გარედანაა წამოსული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პრაქტიკულად შეუძლებლად მიაჩნია რომელიმე პოლიტიკური ძალების შერიგება. მისივე თქმით, საზოგადოებაში გლობალურად პესიმიზმია.

„რაღაცნაირად მინდობილი ვართ იმაზე, რაც ხდება და არ გვგონია, რომ საზოგადოებას ამის შეცვლა შეგვიძლია. გვგონია, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, კიდევ ერთი მხსნელი, რომელიც ამას გადაწყვეტს და გააკეთებს. არ იქნება ეს ასე. ან ჩვენ შევძლებთ (და მე თქვენი ნაწილი ვარ), ან თუ ვერ შევძლებთ, (უნდა ვიცოდეთ, რომ) ამას სხვა ვერავინ გაგვიკეთებს – არც უცხოელი, არც ქართველი – ვიღაც ახალი ბელადი. ამიტომ, ძალიან ბევრი რეალური შესაძლებლობა არსებობს ამ ქვეყანაში და ვხედავთ ამას. ვხედავთ, რამდენად საინტერესოა სამომავლოდ ეს ქვეყანა, რამდენად იწვევს ინტერესს გარედან, მაგრამ ჩვენ იმ ადგილას უნდა ვიდგეთ, სადაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევთ და უფრო ამ ინტერესის ღირსნი ვიქნებით, რადგან, ერთია, რომ ინტერესი გააჩინო და მეორე, დაინახონ, რომ რეალურად არაფრის გამკეთებელი არ ხარ. ამ მდგომარეობაში ვართ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა დღეს სულ სხვაგვარი რეალობა შექმნა, შეცვალა რუსეთი და ამერიკაც.

„ჩვენი რეგიონი ხელახლა იძენს ძალიან სერიოზულ დანიშნულებას, როგორც ტრანზიტისა და ენერგეტიკისთვის, ასევე ბევრი სხვა კუთხითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიძენთ უფრო მეტ მნიშვნელობას. ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქნება თუ ჩვენ არ გვეცოდინება, როგორ უნდა ჩავდგეთ ამ როლში, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი მზადყოფნისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „ჩვენ რაღაცები შეიძლება ევროპაში არ მოგვწონდეს, მაგრამ იმ ეკონომიკური და სოციალური სტანდარტების, შრომის უსაფრთხოებისა და ბევრი სხვა რამისთვის, რაც გვინდა ევროპიდან, მზად უნდა ვიყოთ და ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენშიც“.

„პირველ რიგში, მენტალობა. ჩვენი იდენტობა ჩვენი დასაცავია. არავის არაფერი თავს არ უნდა მოვახვევინოთ, თუმცა მზად უნდა ვიყოთ მთავარი პრინციპების შესასრულებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა მოვემზადოთ, ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„საჭიროა, ჩვენ ისეთი სახე ვაჩვენოთ, რომელიც არ გამოიხატება მხოლოდ დაპირისპირებასა და ერთი-მეორის დამცირებაში, თორემ ჩვენი პარტნიორები იფიქრებენ, რომ ჯერ თავიანთ თავში მოაგვარონ საკითხები, რომლებიც ვერ მოუგვარებიათ და მერე ვიფიქროთ მათ ადგილზე ჩვენს სხვადასხვა გაერთიანებებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.