სალომე ზურაბიშვილი - არ უნდა დავივიწყოთ ქალები და გოგონები, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის წინაშე დგანან, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, უამრავი ქალი და გოგონა იტანჯება, უმეტესობა სრულ სიჩუმეში, ერთიც კი ზედმეტად ბევრია
სალომე ზურაბიშვილი - არ უნდა დავივიწყოთ ქალები და გოგონები, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის წინაშე დგანან, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, უამრავი ქალი და გოგონა იტანჯება, უმეტესობა სრულ სიჩუმეში, ერთიც კი ზედმეტად ბევრია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელიც ონლაინრეჟიმში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის – UN Women ორგანიზებით გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას აღნიშნა, რომ COVID-19-მა ჩვენი ქვეყნები და საზოგადოებები მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა.

„მსურს, გამოვხატო ჩემი მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ, რომელმაც კრიზისის ფონზე სპეციალური მოწოდება – „მშვიდობა შინ“ გააჟღერა და ამით შეგვახსენა, რომ ოჯახში ძალადობა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მით უფრო პანდემიის დროს.

ქალებსა და გოგონებზე გენდერული ნიშნით ძალადობა საუკუნეების განმავლობაში იყო გლობალური საზოგადოების დაღი. თუმცა, კაცობრიობამ ის დისკრიმინაციის ფორმად და ადამიანის უფლებათა დარღვევად მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის წინ ცნო. მას შემდეგ, ვცდილობთ ამის გამოსწორებას.

დღეისთვის უკვე ვიცით, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა გენდერული უთანასწორობიდან და საზიანო სტერეოტიპებიდან გამომდინარეობს. გლობალური საზოგადოება შეთანხმდა – მიუხედავად იმისა, რომ ძალადობაზე პასუხი ძლიერ რეაგირებას მოითხოვს, ქალთა და გოგონათა მიმართ აგრესიული ქცევის აღმოსაფხვრელად პრევენციაც თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს მცდელობები ინვესტიციას საჭიროებს.

პანდემიის დროს, პრევენციისა და რეაგირების განხილვა ფისკალური ზრუნვისა თუ სტიმულირების პაკეტებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. სოლიდარობა და თანამშრომლობა გლობალურ, რეგიონულ თუ ადგილობრივ დონეზე კრიზისის გადალახვის ერთადერთი გზაა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დამარცხებისაკენ უნდა იყოს მიმართული, განსაკუთრებით შინ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება.

„ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს.  ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება, რომ 2020 წლის სექტემბრიდან საქართველომ შემოიღო ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი რისკის შემცველ დამნაშავეთა ელექტრონული მეთვალყურეობა. შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა.

საქართველო უერთდება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ გლობალური, 16 დღიანი აქტივიზმისა და გაერო-ს გენერალური მდივნის – „UNiTE – რათა 2030 წლამდე ქალთა მიმართ ძალადობა დასრულდეს“ კამპანიებს.

არ უნდა დავივიწყოთ ქალები და გოგონები, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის წინაშე დგანან, როდესაც ვიცით, რომ სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, უამრავი ქალი და გოგონა იტანჯება, უმეტესობა მათგანი სრულ სიჩუმეში. ერთიც კი ზედმეტად ბევრია!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი