სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება, საქართველომ დაივიწყოს მოსახლეობის მესამედი თუ მეოთხედი, რომელიც არის საზღვარგარეთ, თქვენ ხართ ქვეყნის ნამდვილი ელჩები
სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება, საქართველომ დაივიწყოს მოსახლეობის მესამედი თუ მეოთხედი, რომელიც არის საზღვარგარეთ, თქვენ ხართ ქვეყნის ნამდვილი ელჩები

არ შეიძლება, საქართველომ დაივიწყოს მოსახლეობის მესამედი თუ მეოთხედი, რომელიც არის საზღვარგარეთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული ემიგრანტი ქვეყნის ელჩია.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ შეიძლება, საქართველომ დაივიწყოს თავისი მოსახლეობის მეოთხედი თუ მესამედი, რომელიც გასული არის საზღვარგარეთ სხვადახვა მიზეზების, საჭიროების გამო და რომელიც ცხოვრობს პრაქტიკულად დღევანდელი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთი მხრივ ტკივილი და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი კაპიტალი. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ყველანი ქვეყნის ნამდვილი ელჩები. შეიძლება, ყოველ ქვეყანაში გვყავდეს ერთი ელჩი და დიპლომატიურ სამსახურში მყოფი რამდენიმე ადამიანი, მაგრამ თქვენ ყველანი პირადად, პიროვნულად ხართ საქართველოს ელჩები და ძალიან ბევრი შეგიძლიათ ამ კუთხით. თქვენი ინიციატივებით, თქვენი ყოფნით, საქართველოს კულტურის მიტანით იმ ადამიანებამდე, რომლებიც არიან იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, რეალურად ასრულებთ ელჩების როლს და ამით ძალიან ღირებული ხართ საქართველოსთვის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც საქართველოს სახელმწიფო და მე, როგორც პრეზიდენტი, ვართ ვალდებული, რომ ბევრად მეტი ყურადღება მივაქციოთ დიასპორას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.