სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილს - თქვენი ცხოვრება სწორედ იმის უწყვეტი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხალხური, მრავალხმიანი მუსიკა ჩვენთვის ჩვენი იდენტობის მატარებელია
სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილს - თქვენი ცხოვრება სწორედ იმის უწყვეტი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხალხური, მრავალხმიანი მუსიკა ჩვენთვის ჩვენი იდენტობის მატარებელია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქორმაისტერი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს სახელმწიფო ჯილდო დღეს ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის, სოფელ აცანაში, საზეიმოდ გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ქორმაისტერის დამსახურებებს შორის მის პედაგოგიურ მოღვაწეობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალების დაარსებას ა და იუნესკოში მოღვაწეობას გაუსვა ხაზი.

„ეს სახელმწიფო ჯილდო ნიშანია იმისა, რომ თქვენ ამ ხალხის ფოლკლორს ემსახურებით და თქვენს მიერ გავლილი ცხოვრება სწორედ იმის უწყვეტი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხალხური მრავალხმიანი მუსიკა ჩვენთვის ჩვენი იდენტობის მატარებელია და ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არა მრავალხმიანობა, რომ არა ეს სიმღერები, რომლებიც თქვენ აღმოაჩინეთ, შემოუნახეთ მომავალ თაობებსა და გადაარჩინეთ, რომ არა ეს, ჩვენ არ ვიქნებოდით ის, რაც ვართ. ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის, რომ ქართველია, თუ არ მოუსმენია მრავალჟამიერის, თუ არ მოუსმენია მეგრული ნანასა და გურული კრიმანჭულისთვის, საგალობლებისთვის, რითაც ჩვენ ვლოცულობთ. ქართველი ერი ის ერია, რომელმაც მოიტანა მრავალხმიანობა და გააცნო მსოფლიოს. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც მუდამ მღერის ლხინსა და ჭირში, მღერის როცა შრომობს, მღერის ეკლესიაში და ეს სიმღერა მისი ცხოვრების განუწყვეტელი და განუყოფელი ნაწილია. ალბათ, ამით ვართ ჩვენ ასეთი ძლიერი. ალბათ, გადავრჩით, რადგან იმის საშუალება გვაქვს, რომ თუნდაც ძალიან მძიმე პერიოდსა და ომში ვიმღეროთ. ვისაც სვანური ზარი არ მოუსმენია, იმან არ იცის რა არის საქართველო. ეს ჯილდო პირადად თქვენთვის და თქვენი დამსახურებისთვისაა“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს.

თავის მხრივ, ანზორ ერქომაიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს უდიდესი დაფასებისა და სახელმწიფო ჯილდოსთვის.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილთან ერთად ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეების მიერ ჩატარებული ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილი ცნობილი ლოტბარების, ძმების ხუხუნაიშვილებისა და ჯგუფის „შვიდკაცას“ წევრების საფლავები მოინახულა. აღმოჩენილია ხუხუნაიშვილების ანსამბლის ექვსი წევრის საფლავი.

ექსპედიციას სათავეში ედგნენ: ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი დათო ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია, რომლებიც აცხადებენ, რომ ხუხუნაიშვილების ანსამბლის შემოქმედება ქართულ ფოლკლორში ერთ-ერთი გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და მათ საპატიო ადგილი უჭირავთ ასევე, მსოფლიო ფოლკლორის ისტორიაში.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი