სალომე ზურაბიშვილი - ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის დაცვა და მისი პრინციპების ერთგულებაა  
სალომე ზურაბიშვილი - ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის დაცვა და მისი პრინციპების ერთგულებაა  

დღეს ყველას უნდა გვახსოვდეს და არა მხოლოდ დღეს, რომ 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველი სწორედ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების სტუმრებს კონსტიტუციის დღე მიულოცა.

„შეიძლება, ვიღაცამ მხოლოდ სიმბოლურ აქტად შეაფასოს და აღიქვას კონსტიტუცია, შეიძლება ,ვიღაცამ და ბევრმა არც წაიკითხონ, შეიძლება მავანთ არ იცოდნენ და შესაბამისად არ დააფასონ თუ რას ნიშნავდა თუნდაც პირველი კონსტიტუციის მიღება დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის 1921 წელს. შეიძლება, ვინმე ფიქრობდეს, რა საჭიროა კონსტიტუცია თუ იგი ვერ გვიცავს და ვერ იცავს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიას და მის მთლიანობას, მაგრამ, დღეს უნდა ყველას გვახსოვდეს და არა მხოლოდ დღეს, რომ 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველი სწორედ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია იყო. იმ დღეს მიღებული, როცა იწყებოდა საქართველოს დამარცხება, შემოსვლა და დამარცხება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობა თუ ვერ დაიცვა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ, მან მისცა მთავარი იარაღი ემიგრაციას და ქვეყანაში მებრძოლ თაობებს, რათა სახელმწიფოს აღდგენის საფუძველი შეენარჩუნებინათ.

„მე პირადად ძალიან ამაყი ვარ, პირველი იმით, რომ ვეკუთვნი იმ ემიგრაციას, რომელმაც ეს კონსტიტუცია შეინარჩუნა და, რომელსაც სწამდა მისი აღდგენისა. ამაყი ვარ იმით, რომ მონაწილეობა მივიღე სწორედ საკონსტიტუციო კომისიაში ახალი ცვლილებების შეტანისა, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯი არის ჩვენი დემოკრატიული პროგრესის მიმართულებით. ამაყი ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ პრეზიდენტის უმაღლესი ვალდებულება სწორედ კონსტიტუციის დაცვა და მისი პრინციპების ერთგულება არის, სწორედ როგორც თვით კონსტიტუცია ამბობს, პრეზიდენტია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე ისაუბრა.

კონსტიტუციის დღედ საქართველოში 24 აგვისტოა დაწესებული. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.