სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეთანხმება არსებობდა არა რუსეთ-საქართველოს, არამედ ნატო-საქართველოსა და რუსეთის ანტიტერორისტულ ცენტრზე
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეთანხმება არსებობდა არა რუსეთ-საქართველოს, არამედ ნატო-საქართველოსა და რუსეთის ანტიტერორისტულ ცენტრზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ანტიტერორისტული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქნებოდა არა საქართველო – რუსეთის, არამედ ნატო- საქართველოსა და რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი.

„ჩემი კოლეგა ამ შემთხვევაში სიმართლეს ლაპარაკობს. იყო ეს მოსაზრება და შეთანხმებაც, რომ გახსნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი, ოღონდ ერთი რამე ავიწყდება, როცა ამას ავრცელებს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია – ეს არ იქნებოდა საქართველო – რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომელსაც მაშინ მხოლოდ ბაზის შემცვლელი ფორმატი იქნებოდა და ეს გასაგებია. ეს იყო ნატო-საქართველო და რუსეთი. ეს სულ სხვა ფორმატია, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი, საინტერესო ელემენტები. ამაზე ნატო-ს და რუსეთის დათანხმება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება, ეს ფორმატი მომავალში, როდესაც სხვა განზომილებაში ვიქნებით, ძალიან საინტერესო იყოს. ბევრი წელი გავიდა, ჩვენ შევდივართ სულ სხვა მსოფლიოში, ამიტომ ვერავინ იტყვის, როგორი იქნება ხვალ რუსეთი. ის ძალიან დიდი კრიზისს განიცდის, ერთი მხრივ, კოვიდის, მეორე მხრივ, ნავთობის კრიზისის გამო. როგორ გაუმკლავდება ამას, ყველასთვის უცნობია, თავისი ტრადიციული რეაგირებით უფრო აგრესიული ხდება, თუ შეცვლილი დახვდება რუსეთი ამდენ გამოწვევას, არავინ იცის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.