სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

„ჩემი სრული ნდობა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს ორ წარმომადგენელს – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, თავად დაესწრება თუ არა მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას.

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას დღეს იწყებს. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 12:00 საათზე დაიწყება. განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.