სალომე ზურაბიშვილი - 26 მაისი არის გრძნობა იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეკისრება დღეს და მომავალი ექვსი წლის განმავლობაში​

26 მაისი არის გრძნობა იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეკისრება დღეს და მომავალი ექვსი წლის განმავლობაში. ეს არის მძიმე პასუხისმგებლობა, რომელსაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, ვიტვირთავ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა მოსახლეობას  დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ვულოცავ თქვენს მაყურებელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი დღე საქართველოსთვის. ​დღე, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ყველაფერი, რაც ქვეყანამ გაიარა. რადგან, ამას რომ ვუფიქრდებით, მაშინ გვესმის, როგორი მომავალი გველოდება. თუ აქამდე მოვედით, იქაც მივალთ, გამთლიანებამდე და 26 მაისი ამ ყველაფრის მთქმელია.

ჩემთვის ეს არის ასევე გახსნება იმ დღეების, როდესაც უცხოეთში, საქართველოში პრაქტიკულად დავიწყებულ 26 მაისს ვზეიმობდით და ვატარებდით სწორედ ამ მომავლის იმედს. ესეც მოხდა და ბევრი სხვა რამ მოხდება ამ ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ.

საფრანგეთში ეს არ იყო ოჯახური ზეიმი, ეს იყო მთელი საზოგადოების ზეიმი, ვინც ემიგრაციაში იმყოფებოდა,​რომელთა ძეგლიც დღეს იხსნება. ეს არის მათი ხსოვნისთვის, ვინც იქ იბრძოდა, იმედი ჰქონდა და ვერ დაბრუნდა.

26 მაისი არის გრძნობა იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეკისრება დღეს და მომავალი ექვსი წლის განმავლობაში. ეს არის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა, რომელსაც დიდი იმედი მაქვს, ვიტვირთავ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.