სალომე უგულავა - ლოგიკური იქნება, ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ პროტესტი მეორე ტურშიც გაფორმდეს
სალომე უგულავა - ლოგიკური იქნება, ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ პროტესტი მეორე ტურშიც გაფორმდეს

ლოგიკური იქნება, ხელისუფლების კანდიდატის წინააღმდეგ პროტესტი მეორე ტურშიც გაფორმდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, სალომე უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ არჩევნებში საზოგადოებამ პოლიტიკურ კულტურაში ზრდა აჩვენა, ხელისუფლების მიმართ პროტესტი გამოხატა და თითქმის მილიონმა ადამიანმა ხმა სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ მისცა“, განაცხადა უგულავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას „ნაციონალური მოძრაობისგან“ რევანშის მოლოდინი, სალომე უგულავამ განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ იცვლება, თუმცა ამომრჩევლის პროტესტმა აჩვენა, რომ ეს დასაწყისია. 

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების უტიფრობა, თავგასულობა, ადამიანების დაუსჯელობა და სიღარიბე აღელვებს, ხელისუფლებამ კი, ექვსი წლის განმავლობაში ცხრა წელსა და მტრებად დახატულ ადამიანებზე ისაუბრა, რადგან საქართველოს მოსახლეობა ბრიყვად ჩათვალა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა დღეს მედია თავისუფალი და როგორია მისი როლი მიმდინარე პროცესში, სალომე უგულავამ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლება დემოკრატიულ სივრცეს არ ტოვებდა და ყველაფერი გააკეთა, რომ „რუსთავი 2“ მისი ამჟამინდელი მფლობელებისგან ჩამოეშორებინა, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ აღსრულება შეაჩერა და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მეტი განსხვავებული და კრიტიკული ხმა ისმოდა.