სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ საზოგადოებას იმ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს აცდენილია
სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ საზოგადოებას იმ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს აცდენილია

„ლელოს“ ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, რადგან პარლამენტში ხმების უმრავლესობა მათ აქვთ.

სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას იმ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს აცდენილია.

მისივე თქმით, „ლელო„ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს და აინიცირებს ალტერნატივას, რომელსაც, მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ღირსად არ მიიჩნევს, რომ სერიოზულად განიხილოს.

„ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა უშუალოდ კომისარს ესაუბროს. ცხადია, მას პირადადაც გავაცნობთ ყველა იმ ინიციატივას, რაც დააყენა, მათ შორის „ლელომ“ პარლამენტში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით. მე ვიზიარებ ევროკომისრის შეხედულებას, რომ პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, რადგან ხმების უმრავლესობა ამ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ აქვს. შესაბამისად, ყველ გადაწყვეტილებაზე, რასაც პარლამენტი მიიღებს ხმათა უმრავლესობით „ქართული ოცნების“ მონაწილეობით პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. ჩვენ ვმონაწილეობთ პროცესში, ვაინიცირებთ ალტერნატივებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ღირსად არ მიიჩნევს, რომ სერიოზულად განიხილოს. ამავე დროს საზოგადოებას იმ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელიც, ჩვენი აზრით, ევროკავშირის მოთხოვნებს აცდენილია. საბოლოო ჯამში, ევროკომისია და ევროკავშირი შეფასებს, იქ გაეცემა ყველა შეკითხვას პასუხი, ვინ, რა გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკომისარმა დიპლომატიის გზა აირჩია და შეკითხვას თავი აარიდა.

„ევროკომისარმა შეკითხვას თავი აარიდა. მან დიპლომატიური გზა აირჩია, რომ შეკითხვა გარკვეულწილად უპასუხოდ დაეტოვებინა. თუმცა, ჩვენ პასუხი მოვისმინეთ ამ შეკითხვაზე, მათ შორის ევროპარლამენტში, სადაც გადაწყვეტილების მიმღები ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა – როდესაც საუბარია ჩვენს ქვეყანაში დეოლიგარქიზაციაზე, საუბარი შეეხება ივანიშვილის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისგან სისტემის გათავისუფლებას. ევროკომისარმა დღეს დაადასტურა, რომ ინსტიტუციურ რეფორმას გულისხმობს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.