სალომე სამადაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ უმრავლესობა მეუფე იაკობის განცხადებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
სალომე სამადაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ უმრავლესობა მეუფე იაკობის განცხადებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს

ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ უმრავლესობა მეუფე იაკობის განცხადებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, კომისიამ უნდა დაადგინოს, როგორ და რანაირად ცდილობს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საკუთარი ხელქვეითების მეშვეობით, ჩაერიოს ეკლესიის შიდა საქმეებში კორკონდატისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ.

„კომისიის მიზანია, გვქონდეს შესაძლებლობა, დეტალურად მოვუსმინოთ, როგორც თავად მეუფე იაკობს, ასევე იმ პირებს, რომლებიც დაასახელა მონაწილედ იმ შეხვედრის, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენება იგეგმებოდა. უმრავლესობას კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის განხილვაც კი არ სურს“, – დასძინა სამადაშვილმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

დატოვე კომენტარი