სალომე სამადაშვილი - ყველა ინიციატივა, რომელიც ბოლო დღეებში გაჟღერდა, ოპოზიციაში განხეთქილებას აღრმავებს, გაერთიანებისკენ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა
სალომე სამადაშვილი - ყველა ინიციატივა, რომელიც ბოლო დღეებში გაჟღერდა, ოპოზიციაში განხეთქილებას აღრმავებს, გაერთიანებისკენ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა

ყველა ინიციატივა, რომელიც ბოლო დღეებში გაჟღერდა, ოპოზიციაში განხეთქილებას აღრმავებს და ოპოზიციის გაერთიანებისკენ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. პოლიტიკაში ყველაფერს თავის დრო აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, მოცემულ ვითარებაში ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვება, დასავლეთთან ურთიერთობის საგრძნობლად დაზიანებით დამთავრდება.

„მიმაჩნია, რომ საჯარო სივრცეში მოუმზადებელი ინიციატივების გაჟღერება არაფერს აკეთებს არც ოპოზიციისა და არც ხალხის სასიკეთოდ. ამ შემთხვევაში, მხოლოდ აძლიერებს „ქართული ოცნების“ პოზიციებს, რომელიც ძალიან კარგად სარგებლობს ყველანაირი განხეთქილებით ოპოზიციაში. მიმაჩნია, რომ ეს კონტრპროდუქტიულია და ჩვენს პოზიციებს აზიანებს. პოლიტიკაში ყველაფერს თავის დრო აქვს. მოცემულ ვითარებაში, რომელშიც დღეს ქვეყანაა, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების ასე მოუმზადებლად და გაუაზრებლად მიღება დამთავრდება მხოლოდ ერთი რამით – ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან საგრძნობლად დაზიანდება. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, ამ ეტაპზე, ამ საკითხის ასე დღის წესრიგში დასმა. მომავალში, როგორ განვითარდება პოლიტიკური ვითარება და რა გადაწყვეტილებების მიღება იქნება უპრიანი, ვნახავთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.