სალომე სამადაშვილი - ვნახეთ, რომ ხელისუფლება მოწყვეტილია რიგითი მოქალაქის ინტერესებს,  მათი პროგრამები და ხედვები მორგებულია საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს
სალომე სამადაშვილი - ვნახეთ, რომ ხელისუფლება მოწყვეტილია რიგითი მოქალაქის ინტერესებს, მათი პროგრამები და ხედვები მორგებულია საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს

ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩვეულებრივად მოწყვეტილია რიგითი მოქალაქის ინტერესებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის გუშინდელი გამოსვლის დროს რამდენიმე სახიფათო გზავნილი გაჟღერდა.

„პირველ რიგში, ეს შეეხება პრემიერის დამოკიდებულებას კორუფციასთან მიმართებით. მან დაადასტურა, რომ კორუფცია „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი მიდგომაა, როდესაც ისაუბრა ქართულ, ჯიგრულ მიდგომებზე. ამის მაგალითია, როდესაც ხელისუფლება სუბსიდირებას უკეთებს თავისთან დაკავშირებულ სამშენებლო ბიზნესს. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩვეულებრივად მოწყვეტილია რიგითი მოქალაქის ინტერესებს. პანდემიის პირობებშიც მათი პროგრამები და ხედვები არის მორგებული მათ ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს და საკუთარ ბიზნესინტერესებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, პრემიერის ხვალინდელ მოსმენაზე გაგრძელდება მოქალაქეებისთვის აქტუალური კითხვების დასმა.

„ხვალ პრემიერთან ინტერპელაციის ფორმატში გაგრძელდება შეკითხვების დასმა იმაზე, რაც ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობას აწუხებს: გაზრდილი სიღარიბე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელი შიმშილის ინდექსით ქვეყანაში, მათ შორის, სიღარიბე ბავშვებში არის ძალიან ცუდ მაჩვენებელზე. ასევე, გვექნება შეკითხვები პენსიონერებთან დაკავშირებით. ცხოვრება ძვირდება და პენსიები არ იზრდება. მოწყვლადი ჯგუფები ჩვენ საზოგადოებაში უფრო და უფრო ღარიბდებიან“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.