სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, ევროპამ მოიპოვა საქართველოს მოქალაქეების გულები, მაგრამ რაც ვერ მოიგო, გახლავთ „ქართული ოცნების“ მთავრობის გულები 
სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, ევროპამ მოიპოვა საქართველოს მოქალაქეების გულები, მაგრამ რაც ვერ მოიგო, გახლავთ „ქართული ოცნების“ მთავრობის გულები 

ვფიქრობ, ევროპამ, რა თქმა უნდა, მოიპოვა საქართველოს მოქალაქეების გულები, ევროპამ რაც ვერ მოიგო, ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ მთავრობის გულები, რომელიც ახალგაზრდობას ეძახის მეხუთე კოლონას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, კონფერენციის პარალელურად დემონსტრანტები დგანან კონფერენციის გარეთ, რომლებიც შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, რადგან რამდენიმე კვირის წინ საქართველოში აქცია დაარბიეს.

„პირველ რიგში, მინდა მივესალმო იმ საკითხებს, რომელიც წამოიჭრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მექანიზმის გამოყენებით, როგორც დემოკრატიის მხარდაჭერა და, ვფიქრობ, ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი საკითხი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ევროკავშირიც ასევე ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს, როგორ შეიძლება გამოიყენოს პირობითობა, რათა გააძლიეროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ღირებულებები. თქვენ ბრძანეთ ბელორუსის შესახებ, მაგრამ, ვფიქრობ, ბელორუსი არ გახლავთ ერთადერთი ქვეყანა, სადაც სერიოზული გამოწვევები არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ახლა, როცა გამოვდივართ კონფერენციაზე, დემონსტრანტები დგანან კონფერენციის გარეთ, რომლებიც ითხოვენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, რადგან რამდენიმე კვირის წინ საქართველოში აქცია დარბეულ იქნა სამთავრობო ძალების მიერ. მე წარმოვადგენ პარტიას, რომლის წევრების წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მთავრობა აცხადებს, რომ ოპოზიცია აპირებდა ძალადობრივ გადატრიალებას. აი, ასე აფასებენ მშვიდობიან დემონსტრაციას, პროტესტს, რომ რუსეთის კომუნისტი პარლამენტარი აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისა და ახალგაზრდების გულები ევროპამ მოიპოვა.

„ვფიქრობ, ევროპამ, რა თქმა უნდა, მოიპოვა საქართველოს მოქალაქეების გულები და საქართველოს ახალგაზრდობა, რომელიც სამი კვირაა დემონსტრაციას ატარებს ქუჩებში ევროპული დროშებით. ევროპამ რაც ვერ მოიგო, ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ მთავრობის გულები, რომელიც ახალგაზრდობას ეძახის მეხუთე კოლონას. ჩემი კითხვაა, თუ წინ გავიხედავთ, თუ გავითვალისწინებთ გარემოებებს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, სადაც მთავრობა ითხოვს დამოუკიდებელი არხის დახურვას, რადგან ტელეწამყვანმა შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ პუტინს, თქვენი აზრით, სად იმყოფება საქართველო, ევროკავშირთან? თუ მთავრობა გააგრძელებს პოლიტიკური სივრცის და ოპოზიციის შევიწროებას, ფიქრობთ, რომ ეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოწვევა ექნება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.