სალომე სამადაშვილი - სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მათ შორის ისეთი ნაბიჯი, რაც უკავშირდება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას
სალომე სამადაშვილი - სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მათ შორის ისეთი ნაბიჯი, რაც უკავშირდება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას

„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რაც აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.

მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო სერიოზული გამოწვევის წინაშეა.

„დღეს ფაქტობრივად მთელი ცივილიზებული სამყარო მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, არ დაუშვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაღუპვა საპატიმროში. უნდა გადაიდგას ყველა ნაბიჯი, რაც არის აუცილებელი მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მათ შორის ის ნაბიჯი, რაც უკავშირდება სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. დღეს სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი სცდება ერთი ადამიანის ტრაგედიას. დღეს სახელმწიფო არის ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხებს ეხმაურებიან არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე მოლდოვის პრეზიდენტი. სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარი იქნება სალომემ ზურაბიშვილისა და პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრის დროსაც.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, რომ დღეს სასწორზე დგას მისი სიცოცხლე, ძალიან სერიოზულ გამოწვევას უქმნის ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პრობლემას ეხმაურებიან საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ევროპარლამენტიდან, ასევე მოვისმინეთ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს შეფასება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასევე პოლონეთის მხრიდან იქნება ამ თემაზე საუბარი. იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, მათ შორის იმისთვის, რომ ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში მსგავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, დაარწმუნოს იმაში, რომ სააკაშვილის დაღუპვა საქართველოს ციხეში ივანიშვილს უმძიმეს პრობლემებს შეუქმნის, გარდა იმისა, რომ ეს იქნება სერიოზული გამოწვევა ქვეყნისთვის.

ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნებოდა სასამართლოსთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება პოლიტიზებული და მოტივირებული იქნება ერთადერთი საკითხით, ეს არის პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა. სხვა პატიმრების შემთხვევაში, სასამართლოს აქვს მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები, ანუ სიცოცხლის გადასარჩენად ვადამდელი ან დროებით გათავისუფლების, სამკურნალოდ გადაყვანის პრეცედენტები არსებობს და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.