სალომე სამადაშვილი - უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ხალხს რეალური ცვლილებები სურს
სალომე სამადაშვილი - უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ხალხს რეალური ცვლილებები სურს

უკრაინელ ხალხს მოსწყინდა განუხორციელებელი რეფორმები, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა და სურთ რეალური ცვლილება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა უკრაინის არჩევნების წინასწარი შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების პირველი ტური აჩვენებს, რომ უკრაინაში ცვლილებების დროა.

„მიუხედავად იმის, რომ უკრაინაში მმართველი პოლიტიკური ძალები შეეცდებიან მეორე ტურზე ზეგავლენის მოხდენას, განსხვავება, რომლითაც ზელენსკი უსწრებს დღეს სხვა კანდიდატებს, ძალიან მაღალია. ეს აჩვენებს იმას, რომ უკრაინელ ხალხს მოსწყინდა განუხორციელებელი რეფორმები, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა და სურს რეალური ცვლილება. უკრაინაში რეალური ცვლილება ასევე სურს ევროკავშირს, რადგან ევროკავშირიც სრულიად იმედგაცრუებულია რეფორმებით, რომელიც დღემდე გატარდა უკრაინაში.

ასე რომ, როგორც ჩანს, უკრაინაში ცვლილებების დრო დგება. ამაზე თანხმდებიან როგორც უკრაინის მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ოლიგარქიული მმართველის გამოწვევა არის საერთო საქართველოსთვის და უკრაინისთვის“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მსახიობ და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს შორის 21 აპრილს გაიმართება.