სალომე სამადაშვილი - უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა
უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და ამჯერად მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი კოლეგების ვიზიტი იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება.
„დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ღიად და აშკარად შეაქცია ზურგი ჩვენს საუკეთესო მეგობრებს ევროპაში. პარლამენტში მოსვლამდე მქონდა ძალიან ხანგრძლივი საუბარი ანა ფოტიგასთან, ასევე მქონდა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ლიეტუვის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, რაიმუნდას ლოპატასთან და მასაც უარი უთხრეს ციხეში შესვლაზე. მინდა გითხრათ, „ქართულმა ოცნებამ“ თავად აირჩია ის გზა, რომელიც გაგრძელდება აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით. დღეიდან იწყება ძალიან აქტიური ბრძოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, რათა გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ასევე დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი.
ამასთან, თანხმობა მაქვს ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ განვაცხადო, უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და ამჯერად მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ევროპელი კოლეგების, რომელთაც ექნებათ მისია, გააკონტროლონ და შეამოწმონ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში და კვლავ მოითხოვენ მასთან შეხვედრას, მაგრამ არა მხოლოდ. ამ ვიზიტის მისია, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება, იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება, რათა მათ ღიად განაცხადონ, რა არის ამ ხელისუფლების არჩევანი. ეს არჩევანი არის ქვეყნის შემობრუნება რუსეთის მიმართულებით, თუ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა, ევროატლანტიკური მომავალი.
ამასთან, დავიწყეთ უკვე მუშაობა ევროპარლამენტთან. უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ ევროპარლამენტში დაიწყება ძალიან სერიოზული პროცესები, რასაც ჰქვია პოლიტიკის გადატვირთვა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა იმით, რაც იკადრა ევროპარლამენტარ ფოტიგასთან მიმართებაში, რომ ხელისუფლება ღიად და აშკარად ემიჯნება ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.