სალომე სამადაშვილი - სუს-ის ვალდებულებაა, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შესაბამისი პოლიტიკა გაატაროს
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვალდებულებაა, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შესაბამისი პოლიტიკა გაატაროს.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს კითხვით მიმართავს იმის თაობაზე, ვინ არის საქართველოში რუსეთის ინტერესების განმახორციელებელი – არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ძალები თუ მედია საშუალებები, რომელზეც საუბარია ანგარიშში.
„ასევე საინტერესოა, ვახტანგ გომელაური საკუთარი უწყების საქმიანობას როგორ აფასებს მაშინ, როცა თავადვე ადასტურებს, რომ ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური ზეგავლენა იზრდება და სახელმწიფოს პოლიტიკა არ აქვს, რომ რუსეთს იმ ჰიბრიდულ ომში დაუპირისპირდეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს.