სალომე სამადაშვილი - სტუდენტებო, მოგიწოდებთ, ბოიკოტი გამოუცხადოთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მსახურ ლექტორებს, არ შეხვიდეთ მათ ლექციაზე, ამით ყველაზე კარგ პასუხს გასცემთ საოკუპაციო რეჟიმს
სალომე სამადაშვილი - სტუდენტებო, მოგიწოდებთ, ბოიკოტი გამოუცხადოთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მსახურ ლექტორებს, არ შეხვიდეთ მათ ლექციაზე, ამით ყველაზე კარგ პასუხს გასცემთ საოკუპაციო რეჟიმს

სტუდენტებო, მოგიწოდებთ, ბოიკოტი გამოუცხადოთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მსახურ ლექტორებს, არ შეხვიდეთ მათ ლექციაზე, ამით ყველაზე კარგ პასუხს გასცემთ საოკუპაციო რეჟიმს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ პარლამენტთან აქციაზე იმყოფებიან სტუდენტები.

სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას უმრავლესობის წარმომადგენლებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათ რუბიკონი გადალახეს.

„ბატონო შალვა და უმრავლესობავ, რუბიკონი გადალახეთ დღეს, ბოლო შანსი გაქვთ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს, რომ დაგვარწმუნოთ, ჩვენ თქვენ ჩაგთვალოთ ჩვენს თანამოქალაქეებად და არა საოკუპაციო რეჟიმის მსახურებად. ამიტომ ნუ გწყინთ ჩვენი დამოკიდებულება. შევათანხმეთ მიშელის შეთანხმება თქვენთან, მოიტყუეთ, არ შეასრულეთ. რამდენჯერ მოატყუეთ ქართველი ხალხიც და ოპოზიციაც, რომელიც ცდილობდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოეძებნა რაიმე საერთო ენა თქვენთან, მაგრამ ვერ შედგა დეპოლარიზაცია, კონსენსუსი. სამშობლოს ინტერესებს, იმიტომ, რომ თქვენ ისხდეთ იმ სავარძლებში, იყოთ იმ თანამდებობებზე, სადაც ხართ, ვერ დავთმობთ. თქვენთან სასაუბრო აღარაფერი მაქვს. ვისაც სინდისი ჰქონდა, „ქართული ოცნების“ რიგებში აღარ არის. შეგახსენებთ, თქვენმა ყოფილმა კოლეგებმა, რომლებმაც დატოვეს თქვენი რიგები, გააკეთეს ერთობლივი განცხადება და გითხრეს გასაგებად, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება.

მინდა, მივმართო ქართველ ხალხს, რომელიც არის პარლამენტთან და რომელიც შეიძლება, ჯერ არ მოსულა აქციაზე. ძვირფასო თანამოქალაქეებო, თქვენ ხართ ჩვენი თანამოქალაქეები და ჩვენ თქვენთან ერთად ვართ უმრავლესობაში ამ ქვეყანაში. ტრაგედია არის ის, რომ ჩვენ, ვისაც გვსურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, ვართ უმრავლესობა საქართველოში, მაგრამ ვართ უმცირესობაში საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში, ეს რეალობა შეიცვლება. ამიტომ დღეს ჩვენ რაც უნდა გამოვაცხადოთ, ეს არის ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა ქართველი ხალხის, საზოგადოების, მოქალაქეების რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. მე ძალიან მიხარია, რომ სულ უფრო მეტი სტუდენტი უერთდება პროტესტს, მიხარია, რომ შემოუერთდნენ პროტესტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. სტუდენტებო, მოგიწოდებთ, ბოიკოტი გამოუცხადოთ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მსახურ ლექტორებს, არ შეხვიდეთ მათ ლექციაზე. ამით ყველაზე კარგ პასუხს გასცემთ საოკუპაციო რეჟიმს“, – განაცხადა სამადაშვილმა.