სალომე სამადაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობა უკვე კონტროლზე აიყვანა
სალომე სამადაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობა უკვე კონტროლზე აიყვანა

გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, სტრასბურგის სასამართლომ ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უკვე კონტროლზე აიყვანა და ამ საქმესთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიურად ითხოვს ხელისუფლებისგან შესაბამის ანგარიშს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, როდესაც სტრასბურგში წინ წავა მისი საქმეების განხილვა, ეს კადრები და რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება დღევანდელ ხელისუფლებას. არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც, არა მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო მიიღებს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმთან მიმართებაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება აქციებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ განცხადებას, საადაშვილმა აღნიშნა, რომ

„ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს „ნაციონალური მოძრაობა“ ან ვინმე სხვა, რათა მიხეილ სააკაშვილს მიეცეს ადეკვატური მკურნალობის და სასამართლოზე დასწრების უფლება, რომელიც ელემენტარული კონსტიტუციური უფლებაა, სწორი ნაბიჯია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.