სალომე სამადაშვილი - შერიგებაზე საუბარი რთულია, როდესაც მმართველ გუნდს აქვს განწყობა, რომ საკმარისად არ უსწორდება ოპონენტებს
სალომე სამადაშვილი - შერიგებაზე საუბარი რთულია, როდესაც მმართველ გუნდს აქვს განწყობა, რომ საკმარისად არ უსწორდება ოპონენტებს

მმართველ გუნდს როცა განწყობა აქვს, რომ საკმარისად არ უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს და არღვევს აღებულ ვალდებულებებს, ცხადია, ამ ხალხთან შერიგებაზე საუბარი რთულია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, შერიგებისთვის ორივე მხრიდან პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს.

„ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულება რომ არ არსებობდეს, მაშინ მართლაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეაფასებდნენ პოლიტიკოსებს არჩევნების დღეს, საარჩევნო ყუთთან, და მათი მხრიდან გამოხატული დამოკიდებულება იქნებოდა ყველაზე კარგი პასუხი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, თუ როგორ აფასებს ხალხი მათ მიღწევებს, შეცდომებს თუ მათ საქციელს.

სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსულმა თეა წულუკიანმა, „ქართული ოცნების“ გავლენიანმა წარმომადგენელმა როგორი გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ ხელისუფლება უფრო უკეთესად არ გაუსწორდა პოლიტიკურ ოპონენტებს. მან პირდაპირ აღიარა ეს საკუთარ შეცდომად. როცა მმართველ გუნდს ასეთი განწყობა აქვს, რომ საკმარისად არ უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს და არღვევს აღებულ ვალდებულებებს, ცხადია, ამ ხალხთან შერიგებაზე საუბარი რთულია, რადგან ორივე მხრიდან პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს. „ქართული ოცნება“ ისევ აგრძელებს პოლიტიკური შურისძიების განწყობით საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რადგან არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ფეისბუქგვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – აღნიშნულია წერილში.