სალომე სამადაშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ როს უილსონის შეფასება ​საყვედურია ხელისუფლებისადმი
სალომე სამადაშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ როს უილსონის შეფასება ​საყვედურია ხელისუფლებისადმი

შეიძლება, ითქვას, რომ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის შეფასება ​საყვედურია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სასამართლო სისტემის რეფორმა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს არაერთხელ იყო გაცხადებული. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და შესაბამისმა უწყებებმა ეს შეფასებები საკუთარ ანგარიშებში გააკეთეს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ამერიკის ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად საქართველოს უზარმაზარი დახმარება გამოუყო.

„შეიძლება, ითქვას, რომ ამერიკის ელჩის შეფასება ​საყვედურია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მართული სასამართლოს სახით დააყენა და ამას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით აქვს აღებული“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას, ამასთან, აღნიშნა: „ცოტა გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა“.

დატოვე კომენტარი