სალომე სამადაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრის კონსტიტუციური უფლებაა, უარი თქვას მანდატის გამოყენებაზე, ნონსენსია მათთვის ამ უფლების შეზღუდვა
სალომე სამადაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრის კონსტიტუციური უფლებაა, უარი თქვას მანდატის გამოყენებაზე, ნონსენსია მათთვის ამ უფლების შეზღუდვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ნების წინააღმდეგ აიძულოს ოპოზიცია, პარლამენტის წევრები იყვნენ.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, პარლამენტის წევრის უფლებაა, უარი თქვას მანდატის გამოყენებაზე.

„რამდენადაც ვიცი, გრძელდება კონსულტაციები საბოლოოდ რა ფორმით იმოქმედებს ოპოზიცია. საქართველოს პარლამენტის წევრის კონსტიტუციური უფლებაა, უარი თქვას მანდატის გამოყენებაზე და იურიდიული, სამართლებრივი ნონსენსია მათთვის ამ უფლების შეზღუდვა, როგორც კობახიძე აცხადებს. ეს უკვე აბსურდის სფეროდან არის. გაუგებარია, როგორ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ნების წინააღმდეგ აიძულოს ვინმე იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სადეპუტატო უფლებამოსილება არ შეუწყდებათ.

„ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, არჩილ თალაკვაძე არა. ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში“, – აღნიშნა კობახიძემ.