სალომე სამადაშვილი - საქართველო დღეს, ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხელი მომეწერა
სალომე სამადაშვილი - საქართველო დღეს, ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხელი მომეწერა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ დოკუმენტი და მისი ხელმოწერა ადასტურებს, რომ საქართველოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული მომავლისა.

„მინდა, განვაცხადო, რომ მე დღეს ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ბატონ მიშელს, ეს დოკუმენტი და ამ დოკუმენტის ხელმოწერა დღეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო დღეს, ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის.

აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი ასევე გახლავთ გზა, რომ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამაინების დევნა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, მათ შორის ნიკა მელია,„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გიორგი რურუა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში აღარასოდეს დაგვჭირდება ასეთი შეწუხება ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს მეგობრების იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს, ისე, როგორც ეკადრება ევროპულ ქვეყანას. ასევე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე, საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, რომ ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის,“ „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით დოკუმენტზე ხელმოწერები არ გაკეთებულა.