სალომე სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს - ჩადით უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე, მიიღეთ რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციამ დააინიცირა პარლამენტში
სალომე სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს - ჩადით უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე, მიიღეთ რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციამ დააინიცირა პარლამენტში

ორი დღეა, გვესმის „ქართული ოცნების“ წევრთა წარმოუდგენელი განცხადება, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვარის გადმოცემა არის რომელიმე მათგანის დამსახურება. ეს არის უკრაინელთა დამსახურება, 180 ბავშვის, რომელიც რუსეთმა მოკლა უკრაინაში, 1800 მშვიდობიანი მოქალაქის, რომელიც მოკლა რუსეთმა და იმ 5 მლნ ლტოლვილის, რომელიც საკუთარი სახლებიდან გამოიქცა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ ბუჩაში 320 ადამიანი მოკლა რუსეთის ფედერაციამ.

„თქვენი საპარლამენტო ლიდერი ირაკლი კობახიძე უყენებს პირობებს, რა პირობით ჩავა „ქართული ოცნების“ დელეგაცია სამძიმარზე სოლიდარობის დასაფიქსირებლად ამ ხალხის მიმართ. მსოფლიოს ისტორიაში არის მომენტები, როდესაც მორალური ფაქტორები ხდება გადამწყვეტი და რაციონალიზმთან მიმართებით იღებს უპირატესობას. დღეს თუ ვინმე საუბრობს საქართველოს, მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, ეს ეფუძნება ერთადერთ რეალობას, რომ დღეს მსოფლიოში მორალური ფაქტორები გახდა მთავარი და სად დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებას და პოლიტიკას გულისამრევს უწოდებენ უკრაინის და საქართველოს მეგობრები“, – მიმართა სახელისუფლებო გუნდს, სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ვალდებულებები აქვს ქვეყნის ხელისუფლებას და არა ოპოზიციას.

„ჩადით უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე, მიიღეთ რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციამ და კონკრეტულად, „ლელომ“ დააინიცირა პარლამენტში ომის დანაშაულის და ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე უკრაინაში. ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას არ განიხილავთ. ქალბატონო მაკა, მოიწვიეთ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაურკვეველია, რა პრინციპით იქნა დანიშნული და ჩაატარეთ საჯარო მოსმენა, თუ რას აპირებს თქვენი ხელისუფლება. მეტიც, გაასაჯაროვეთ ეს კითხვარი. საზოგადოების ფართო ჩართულობა და ოპოზიციის, ამ პირობებში იქნება შესაძლებელი“, – მიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს სალომე სამადაშვილმა.