სალომე სამადაშვილი - სამწუხაროა, რომ გიგი უგულავა რაღაც იაფფასიანი სერიალების იმიჯებით აზროვნებს საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს მომავალზე
სალომე სამადაშვილი - სამწუხაროა, რომ გიგი უგულავა რაღაც იაფფასიანი სერიალების იმიჯებით აზროვნებს საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს მომავალზე

სამწუხაროა, რომ გიგი უგულავა რაღაც იაფფასიანი სერიალების იმიჯებით აზროვნებს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი სამშობლოს მომავალზე, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად იბრძვის და ამ ბრძოლაში თანამოაზრედ ყველას მოიაზრებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი და ყოველთვის მაღალი ინტელექტით გამორჩეული გიგი უგულავა რაღაც იაფფასიანი სერიალების იმიჯებით აზროვნებს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი სამშობლოს მომავალზე. მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად. ამ ბრძოლაში მოვიაზრებთ თანამოაზრედ ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხება დღეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის გადარჩენის საკითხი, არანაირ წინაპირობებს არავის არ ვუყენებთ ამ თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, არ არის სიმართლე ის, რომ ოპოზიციის ერთიანობა ვერ შედგა, რადგან ჩვენ გაერთიანებული ვართ ძალიან მნიშვნელოვანი თემების გარშემო. რაც შეხება იმას, რომ არჩევნებში ყველა პარტია მონაწილეობას იღებს დამოუკიდებლად, ეს იყო პოლიტიკური პატიების  გადაწყვეტილება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ოპონენტებმა სწორი სტრატეგია არ შეარჩიეს, როდესაც სხვა ოპოზიციურ პარტიას თავს ესხმიან.

„გიგი უგულავას შეუძლია რაღაც ზღაპრების ან სერიალების პერსონაჟებს შეადაროს მიხეილ სააკაშილი, ან ვინმე სხვა პოლიტიკური ლიდერი, მგონი, ეს ყველაფერი არ ჟღერს მაინცდამაინც სერიოზულად ქართველი ამომრჩევლისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ბიზნეს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. მგონი, მაინცდამაინც სწორი ტაქტიკა და სტრატეგია არ შეარჩიეს ჩვენმა ოპონენტებმა თუ კოლეგებმა, როდესაც ისინი თავს ესხმიან სხვა ოპოზიციურ პარტიას“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მოწოდებას „ნაციონალური მოძრაობისადმი“, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს ვანო მერაბიშვილი პარტიაში არ გაიკარონ, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „კარგი იქნება, თუ  ყველა პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელი დაკავდება საკუთარი დღის წესრიგით“.

დატოვე კომენტარი