სალომე სამადაშვილი - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მხარდაჭერა გაგვიჭირდება 
სალომე სამადაშვილი - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისთვის მხარდაჭერა გაგვიჭირდება 

ჩვენ ერთი თვის წინ უპირობოდ დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, რადგან მიგვაჩნდა, რომ ეს საჭირო იყო ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად, თუმცა გავიდა ერთი თვე და არ გვაქვს პასუხი, რა არის ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, გასული თვის მანძილზე საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა უმრავლესობამ სრულად დაკარგა შემოსავალი და დღემდე არ არის მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, სადაც გაწერილი იქნება ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა გეგმავს ამ ხალხისა და ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც გაკოტრდა და გაკოტრების პირას არის მისული.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანა დღეს არის ეკონომიკის გადარჩენა. ამაზე პასუხი არ გვაქვს, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას. ჩვენ ვხედავთ, რომ საგანგებო მდგომარეობა ფაქტიურად დაემსგავსა კრიმინალურ ქრონიკას. სამართალდამცველები თავად არღვევენ იმ წესებს, რაც მიიღო ხელისუფლებამ. ამის შედეგად კი იღუპებიან ადამიანები. ამ პირობებში პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე და ყველა იმ შედეგზე, რაც ამას მოყვება, როგორც ეკონომიკის, ასევე ჯანდაცვის, ასევე კრიმინალური ვითარების თვალსაზრისით, უნდა აიღოს ხელისუფლებამ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან გვესმის, რომ მათაც არ ესმით, რისთვის არის აუცილებელი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, მაშინ როდესაც ჩვენ ვერ გვიხსნის ხელისუფლება, როდის იქნება ამ ქვეყანაში პიკი და ამ პიკისთვის მზად არის თუ არა ქვეყანა. თუ ეს პიკი ვთქვათ, არ იქნება, მაშინ რა აუცილებელია იმ შეზღუდვების გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეტაპობრივად უკვე იხსნება შეზღუდვები.

„ვხედავთ, რომ ქვეყანაში მძიმდება ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ამასთან ერთად მძიმდება და უარესად დამძიმდება კრიმინალური ვითარება. ჩვენ გაგვიჭირდება მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე უნდა აიღოს ხელისუფლებამ. ჩვენ შევიკავებთ თავს კენჭისყრაში მონაწილეობისგან განსხვავებით წინა ჯერისგან, როდესაც უპირობოდ დავუჭირეთ მხარი საგანგებო მდგომარეობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.