სალომე სამადაშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში, საქართველოს თეორიული შანსიც კი არ აქვს, ევროკავშირში რაიმე წარმატებას მიაღწიოს, ეს „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის 
სალომე სამადაშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში, საქართველოს თეორიული შანსიც კი არ აქვს, ევროკავშირში რაიმე წარმატებას მიაღწიოს, ეს „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის 

სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში, საქართველოს თეორიული შანსიც კი არ აქვს, ევროკავშირში რაიმე წარმატებას მიაღწიოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ძალიან კარგად იცის.

„უკვე დანამდვილებით იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გამიზნულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოუსწორებელი დაზიანებისთვის. როგორც ჩანს, ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა. ეს არის კიდევ ერთი გამიზნული ნაბიჯი, რომ შეუძლებელი გახადონ ქვეყნის ევროპული მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს, სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში, საქართველოს თეორიული შანსიც კი არ აქვს, ევროკავშირში რაიმე წარმატებას მიაღწიოს.

ეს ძალიან კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ გადავიდა საქმიანობის არაკონსტიტუციურ ველში, რადგან საქართველოს კონსტიტუციით დაფიქსირებულია ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ეწინააღმდეგება. სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად რომ აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, ამას გიორგი მარგველაშვილი არ ამბობს, არამედ ამბობს ყველა სამედიცინო კომპეტენტური დასკვნა. არცერთი კომპეტენტური დასკვნა არ მინახავს, რომელიც რაიმე სხვას ამბობს.

„ქართული ოცნება“ არც კი ცდილობს, რაიმე საფარი შექმნას, რათა საკუთარი პოზიცია გაამართლოს. მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს ვხედავთ. ეს ყველაფერი საქართველოს ყველა მეგობარს არწმუნებს, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს დამატებით მძიმე პრობლემებს გამიზნულად უქმნის. როგორც ჩანს, მათ ეს დავალება ვლადიმერ პუტინისგან აქვთ მიღებული. ალბათ ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი გააკეთა პუტინის სასარგებლოდ და ის ამის შედეგებს უახლოეს მომავალში იხილავს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, არ აქვს განცდა, რომ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციებმა შედეგი გამოიღოს. სამადაშვილი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილს სწორი არჩევანის გაკეთებისთვის აქციები არ სჭირდება.

„არ მაქვს განცდა, რომ საპროტესტო აქციებით რაიმე შეიცვლება. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს მკაფიო არჩევანი ვლადიმერ პუტინსა და თავისუფალ სამყაროს შორის. თუ საქართველოს პრეზიდენტს აქცია სჭირდება სწორი არჩევანისთვის, არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ მას ეს აქციების გარეშეც ესმის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.