სალომე სამადაშვილი - რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწყებაზე პოლიტიკური სიგნალი უნდა გაჟღერდეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, პირველად ევროპულ დონეზე
სალომე სამადაშვილი - რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწყებაზე პოლიტიკური სიგნალი უნდა გაჟღერდეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, პირველად ევროპულ დონეზე

დროა, დავიწყოთ საუბარი ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან მიმართებაში მასშტაბური სანქციების დაწესების საკითხზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ბრიუსელში, პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ამ დისკუსიის დასაწყებად.

„ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი მასშტაბური სანქციების გარეშე, ჩვენ ვერასდროს განვახორციელებთ რუსეთზე ადეკვატურ ზეწოლას იმისთვის, რომ შესრულდეს ის მოთხოვნები, რაც შეიძლება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის ფარგლებში ჩაიწეროს.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში უნდა აისახოს ფაქტი, რომ 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულებიდან 10 წელი გავიდა. უნდა ჩაიწეროს, რომ რუსეთს არ შეუსრულებია არც ერთი ვალდებულება, რომელიც საკუთარ თავზე აიღო. ამიტომ, ისევე როგორც მინსკის ხელშეკრულების შემთხვევაშია, საქართველოს შემთხვევაშიც ევროკავშირმა უნდა დაიწყოს რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების განხილვა. ეს პოლიტიკური სიგნალი უნდა გაჟღერდეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირველად ევროპულ დონეზე. აშშ-ში კონგრესმა მსგავსი გზავნილი უკვე გააკეთა და მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს ევროპარლამენტში. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ საკითხს გავუწიოთ ლობირება ევროპარლამენტში“,- განაცხადა სამადაშვილმა.

დღეს ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ევროპარლამენტარებმა იმსჯელეს ქართველ კოლეგებთან და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე. პარლამენტარები რეზოლუციას აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ივნისში მიიღებენ.

დატოვე კომენტარი