სალომე სამადაშვილი - როგორც წესი, არჩევნების წინ გვესმის სხვადასხვა საქმის წამოწევა და მტკიცებულებების გარეშე პროპაგანდისტული საუბარი
სალომე სამადაშვილი - როგორც წესი, არჩევნების წინ გვესმის სხვადასხვა საქმის წამოწევა და მტკიცებულებების გარეშე პროპაგანდისტული საუბარი

როგორც წესი, არჩევნების წინ გვესმის სხვადასხვა საქმის წამოწევა და ამაზე პროპაგანდისტული საუბარი ისე, რომ არანაირი შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ კეზერაშვილის მიმართ პრეტენზიები თუ ჰქონდა, რვა წლის განმავლობაში შეეძლო, რეაგირება მოეხდინა.

„ქართულ ოცნებას“ რვა წელი ჰქონდა იმისთვის, რომ გამოეძია, წინა ხელისუფლების პირობებში თუ რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი და შესაბამისი მტკიცებულებები დაედო. ამიტომ, არანაირ კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ, რადგან, როგორც წესი, არჩევნების წინ გვესმის სხვადასხვა საქმის წამოწევა და ამაზე პროპაგანდისტული საუბარი ისე, რომ არანაირი შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. „ქართულ ოცნებას“ კეზერაშვილის მიმართ რაიმე პრეტენზია თუ ჰქონდა, რვა წელი ჰქონდა, შესაბამისი რეაგირება მოეხდინა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.

საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის  შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას.

გამოძიების ინფორმაციით, თანხა ბიზნესპარტნიორებმა მათ მიერვე დაარსებული კომპანია „თავდაცვითი ფარის“ საშუალებით, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გაწეული კონსულტაციების, სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფისა და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის 2007-2009 წლებში მიიღეს.

ისრაელის პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ბიზნესპარტნიორებმა შექმნეს კომპანიების ქსელი და საბანკო ანგარიშები ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და კუნძულ გერნსზე, რომელთა საშუალებითაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან შემოსავალს იღებდნენ და გადასახადებისთვის თავის არიდებით თანხას ინაწილებდნენ.