სალომე სამადაშვილი - როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ვაბარებ განცხადებას, რომ ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების უფლება მომცენ
როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ვაბარებ განცხადებას, ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების უფლება მომცენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განუცხადა.
სამადაშვილმა აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც მიღწეულია ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით, გულისხმობს, რომ, ფაქტობრივად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიცაა ამ შეთანხმების თანამონაწილე.
„ამიტომ, პირველ რიგში, კონსულტაციები გვჭირდება ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. ამიტომ ასე მესახება, რომ ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მუშაობას კანონპროექტზე და შემდგომ ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება შესაბამისად პოზიციები. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ჩვენი პოზიცია ცნობილია, არანაირი ამნისტიის კანონი არ უნდა არღვევდეს დაზიანებული მოქალაქის უფლებას, რომ საკუთარი უფლება დაიცვას მომავალში. ეს ყველას გვესმის და ეს ესმის „ქართულ ოცნებასაც“.
დანარჩენს რაც შეეხება, ამინისტია ყოველთვის არის წინააღმდეგობრივი აქტი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნიკა მელია თუ მიიღებს ევროკავშირის მიერ მისი გირაოს დაფარვის შეთავაზებას, ეს იქნება სწორი, რადგან ევროკავშირის მიერ ამ გირაოს დაფარვა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი აღიარებს მელიას პოლიტიკურ პატიმრობას.
მათ შორის, იმ დოკუმენტით, რომელიც არის ხელმოწერილი. თუ ის გირაოთი გამოვა ციხიდან, ეს შექმნის სივრცეს იმისთვის, რომ ამნისტიის კანონპროექტი არ იქნება სწრაფად მისაღები აუცილებლობა, მათ შორის, ნიკას გასათავისუფლებლად. ამიტომ ვაპირებ ნიკასთან მისვლას საპატიმროში და მასთან პირადად საუბარს. ახლა მივდივარ კანცელარიაში, სადაც ვაბარებ ჩემს განცხადებას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, რომ მომცენ უფლება, საპატიმროში მოვინახულო ნიკა მელია. იმედი მაქვს, დღესვე შევძლებ მის მონახულებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.