სალომე სამადაშვილი - როგორც ჩანს, ელჩები ელოდებიან ახალ ინფორმაციას, რათა გადაწყვიტონ, საბოლოოდ უმასპინძლონ თუ არა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს
სალომე სამადაშვილი - როგორც ჩანს, ელჩები ელოდებიან ახალ ინფორმაციას, რათა გადაწყვიტონ, საბოლოოდ უმასპინძლონ თუ არა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს

როგორც ჩანს, ელჩები ელოდებიან ახალ ინფორმაციას, რათა გადაწყვიტონ, საბოლოოდ უმასპინძლონ თუ არა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ ნებას, რათა შეთანხმება მიღწეულ იქნას.

„ბოლო განცხადება, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან გაკეთდა, გულისხმობდა, რომ ფალსილიტატორი ელჩები მზად არიან, მოლაპარაკებების პროცესის ხელშეწყობა გააგრძელონ მხოლოდ იმ დათქმით, რომ მხარეები მზად არიან შეთანხმებისთვის. ეს გზავნილი ნიშნავს, რომ მათ არ სურთ მოლაპარაკებების გაგრძელება უბრალოდ მოლაპარაკებებისთვის და როგორც ჩანს, ელოდებიან გარკვეულ ახალ ინფორმაციას ორი მხრიდან, რათა გადაწყვიტონ, საბოლოოდ უმასპინძლონ თუ არა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს.

მე არ ვიცი, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება პოზიცია. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვამბობთ, რომ მოლაპარაკებების გაგრძელებას ალტერნატივა არანაირ ვითარებაში არ აქვს, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ამის პარალელურად ადამიანებს დაჭერით ემუქრება, ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ ნებას, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას. როგორც ჩანს, ერთპარტიული პარლამენტი გახდება ის რეალობა, რომლითაც ამ ქვეყანას რაღაც პერიოდი მოუწევს ცხოვრება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.