სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არჩევნებზე ოპოზიციის დამაჯერებელი გამარჯვება გარდაუვალია
სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არჩევნებზე ოპოზიციის დამაჯერებელი გამარჯვება გარდაუვალია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სრულიად გაკოტრებულია, როგორც პოლიტიკური ძალა და „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებით ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

სამადაშვილის თქმით, წარდგენილ კანდიდატებში არავითარი სიახლე არ არის.

მეტიც, სამადაშვილის განმარტებით, „ქართულმა ოცნების“ მიერ წადრგენილი კანდიდატების ნაწილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდა.

„ისინი ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ აქვთ რესურსი, მოიზიდონ ახალი კადრები. საზოგადოებას ახალ სახეებს და განახლებულ შემადგენლობას წარუდგენენ. ვნახეთ, რომ არა თუ არანაირი სიახლე არ არის მაჟორიტარების წარდგენილ კანდიდატებში, არამედ ეს ის ხალხია, ვინც სხვადასხვა დროს, ზოგიერთი მათგანი სხადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდა.

ერთადერთი ღირსება და ყველა ამ კანდიდატის საერთო, გამაერთიანებელი ნიშანი არის ის, რომ ისინი უსიტყვოდ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის ყველა მითითებას, ყველა ბრძანებას.

ეს მაჟორიტარული სია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება გარდაუვალია“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა ისაუბრა ოპოზიციის კანდიდატებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ თბილისში ოპოზიციამ ყველგან წარადგინა კანდიდატები, რომლებიც ამომრჩევლის და ქართული ხალხის ინტერესებისთვის იბრძვიან.

„საზოგადოებას წარუდგენენ იმ პოლიტიკურ ხედვებს, რომელიც მათთვის საინტერესოა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ქართველ ხალხს.

ხელისუფლებამ წარადგინა ან უკვე დიდი ხნის ჩამოწერილი პოლიტიკური ფიგურები ან არაკომპეტენტური და კორუმპირებული, კორუფციაში შემჩნეული ადმინისტრაციული მმართველები. ეს აჩვენებს იმას, რომ ოპოზიციის გამარჯვების შანსები იმ კანდიდატების ფონზე, რომელიც ხელისუფლებამ წარადგინა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. დღეს ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ სჭირდება მათ პარლამენტში და ხელისუფლებაში, რათა მათი ინტერესები დაცული იყოს.

„ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა სწორედ ის კანდიდატები, რომლებზეც არავის დარწმუნებაც კი არ სჭირდება, რომ ხალხის ინტერესებზე არასდროს იზრუნებენ, არასდროს არ უზრუნიათ და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ამოცანა გაადვილდა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.