სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები და მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო
სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები და მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები და მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან ის ადამიანებიც, რომლებიც გუშინ ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე არ იმყოფებოდნენ.

„ალბათ, ამ ეტაპზე, მოლოდინზე საუბარი რთულია, რადგან „ქართული ოცნების“ გზავნილები მოვისმინეთ და ეს განცდას არ მიჩენს, რომ მათ ესმით ქვეყანაში მწვავე კრიზისის შესახებ და აქედან გამოსვლის გზა არის სწორედ მოლაპარაკებები. ჩემთვის იმედისმომცემია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ხაზგასმით თქვა, რომ არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ეს პროცესი უნდა იყოს ღია და წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს. ჩემი განწყობა იგივეა. ვნახეთ, რომ მესამე პრეზიდენტი ინიციატივას პოზიტიურად გამოეხმაურა. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ წინაპირობების გარეშე მზად არის, ამ პროცესში შემოვიდეს, თუ ეს პროცესი საბოლოოდ შედგება. ამ ეტაპზე, ამ მზადყოფნას „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ ვხედავ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლეში მოსული არ იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ვნახეთ, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პროცესს, რომელიც ზურაბიშვილმა დაიწყო. კობახიძის გზავნილები აცდენილია იმ სულისკვეთებას, რომლითაც გუშინ მიღება გაიმართა. თუ „ქართული ოცნება“ საკუთარ დამოკიდებულებას გადახედავს, ალბათ შანსი არის თეორიული, რომ ამ პროცესმა ლოგიკურ და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს. პრეზიდენტს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები, მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო. გუშინ ვინც იყო და არ იყო, მზად არიან, ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღონ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.